• Geo
  • Eng
26.09.2018
27 სექტემბერი დინამოს ისტორიაში

ხუთშაბათს 27 სექტემბერს დინამო თბილისი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ფოთის კოლხეთს უმასპინძლებს. დინამოს თავის ისტორიაში 27 სექტემბერს 10 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. 4 მოგება ჩვენს გუნდს დარჩა, 2 მატჩი ფრედ დასრულდა და 4 თამაშიც წავაგეთ. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 10/14.

1950 წელს ჩვენმა გუნდმა ლენინგრადის დინამო მიიღო. ბასა ღოღობერიძემ დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც რევაზ მახარაძემ გაიტანა და დინამომ 3:1 იმარჯვა. ორი წლის შემდეგ რიგაში დაუგავასთან მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 1968 წელს დინამომ პახტაკორის ტაშკენტს მოუგო 2:1. იმ შეხვედრაში მურთაზ ხურცილავამ დუბლი შეასრულა. 1980 წელს თბილისელებმა მოსკოვის ლოკომოტივს მოუგეს 1:0. გოლი საკუთარ კარში დანიილ კუზნეცოვმა გაიტანა.

1972 წელს უეფას თასის 1/32 ფინალში ტვენტემ გვაჯობა 2:0. 1978 წელს ასევე უეფას თასის 1/32 ფინალი და ფრე 1:1 ნაპოლისთან. გოლი იტალიელთა კარში ვიტალი დარასელიამ გაიტანა. 1994 წელს უეფას თასის მეორე ეტაპზე ჩვენი მეტოქეა ავსტრიული ტიროლი და მარცხი ანგარიშით 1:5. ერთადერთი გოლი შოთა არველაძემ შეაგდო.

1990 წელს ფოთის კოლხეთი 2:1 დავამარცხეთ. გოლები გია ჯიშკარიანა და მიხეილ ყაველაშვილმა გაიტანეს. 2003 წელს მცხეთასთან მატჩი 0:2 დავთმეთ, ხოლო 2008- ში ლოკომოტივთან წავაგეთ 0:1.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024