• Geo
  • Eng
26.10.2018
სამტრედია - დინამო | მატჩამდე

საქართველოს 16 გზის ჩემპიონი ეროვნული ლიგის ოცდამეათე ტურის შეხვედრას სამტრედიის წინააღმდეგ გამართავს. 27 ოქტომბერს მატჩი ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე 18.00 საათზე დაიწყება.

 

 

ჩვენი მეტოქე

საფეხბურთო კლუბი სამტრედია 1936 წელს დაარსდა. საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ლიგაში წლების განმავლობაში წარმატებულად ასპარეზობდა სამტრედიის ლოკომოტივი. შემდგომში კლუბი სხვადასხვა სახელით (სამტრედია, სანავარდო, იბერია) გამოდიოდა საქართველოს ჩემპიონატში.

საშინაო მატჩებს სამტრედია - ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ატარებს, რომლის ტევადობაც 3000 გულშემატკივარზეა გათვლილი, თუმცა მიმდინარე რეკონსტრუქციის გამო დროებით სტუმრებს ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე მასპინძლობს. სამტრედიის საკლუბო ფერები ძირითადად თეთრ და ლურჯ ფერებშია გადაწყვეტილი. ყველაზე დიდი წარმატება საფეხბურთო კლუბ სამტრედიას 2016 წლამდე, 1994-1996 წლებში ჰქონდა, გუნდმა 1995 წელს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა. 20 წლის შემდეგ იმერული გუნდი საქართველოს თასის ფინალში გავიდა, სადაც 0:5 დამარცხდა დინამო თბილისთან. 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში კი სამტრედიამ პირველად თავის ისტორიაში - საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 2017 წელს სამტრედიამ ასევე პირველად მიიღო მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. იმერული გუნდი აზერბაიჯანულ ყარაბახს დაუპირისპირდა და ჯამში 0:6 დამარცხდა. ბოლო სეზონი ჩვენი მეტოქისთვის ასევე წარმატებული გამოდგა, სამტრედიამ ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა. ევროსეზონი კი პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის ტობოლთან მარცხით დატოვა.

 

 

მწვრთნელი და სამტრედია

სკ სამტრედიის მთავარი მწვრთნელის პოსტზე თვეზე მეტია რაც ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი (ისრაელის მოქალაქე) - გიორგი დარასელია მუშაობს. მისი თავკაცობით გუნდს 2018 წლის სეზონში 18 ქულით მეცხრე ადგილი უკავია.

 

 

ურთიერთშეხვედრები

დინამოსა და სამტრედიის ურთიერთშეხვედრების ისტორია 40 მატჩს ითვლის. სხვადასხვა დროს სამტრედია სახელშეცვლილი ასპარეზობდა. ეროვნული ჩემპიონატის პირველი სამი გათამაშება ჩვენმა მომავალმა მეტოქემ - სანავარდოს სახელით ჩაატარა, ხოლო 1998 წლიდან 2001 წლის ჩათვლით გუნდს - იბერია ერქვა. 40 ჩატარებული მატჩიდან დინამომ 29 პაექრობა გამარჯვებით დაასრულა, 5 შემთხვევაში გუნდებმა ფრედ ითამაშეს, 6 დაპირისპირება კი სამტრედიამ მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 91/26 თბილისელთა სასარგებლოდ.

ხუთი და მეტი ბურთით დინამომ ხუთჯერ დაამარცხა მეტოქე. 1991 წელს თბილისელებმა 6:0 აჯობეს ოპონენტს. მიხეილ ყაველაშვილის ჰეთ თრიქს თითო გოლი თემურ ქეცბაიამ, გელა ინალიშვილმა და ზაზა რევიშვილმა მიამატეს. 1996 წელს დინამოელებმა იმავე ანგარიშით აჯობეს სამტრედიას. ალექსანდრე იაშვილი (2), როინ კერძევაძე, გიორგი დემეტრაძე, გელა ინალიშვილი და ლევან ხომერიკი გახდნენ გოლების ავტორები. ორი წლის შემდეგ ჩვენმა გუნდმა 7:2 იმარჯვა. მიხეილ აშვეთიასა და გიორგი შენგელიას დუბლს, გიორგი კიკნაძემ, დავით მუჯირმა და გელა ლურსმანაშვილმა (ს.კ.) შემატეს გოლები. 2000 წელს ამ გუნდების შეხვედრა 5:0 დასრულდა. თავის გამოჩენა თეიმურაზ გადელიამ, დავით დათვაძემ, არჩილ სახვაძემ, კახა გოგოლაძემ და ზაზა ზირაქიშვილმა მოახერხეს. 2011- ში დინამომ 7:1 დაამარცხა სამტრედია. ლევან ხმალაძემ და დონალდ ჯუისმა ორ-ორი გოლი გაუტანეს მეტოქეს. თითო გოლი პეტარ იელიჩის, ზურაბ არზიანის და გიორგი ხუმარაშვილის (ს.კ.) ანგარიშზეა. ყველაზე მეტჯერ 40 დაპირისპირებიდან დაფიქსირდა ანგარიში 1:0 (სულ რვაჯერ) 5 მატჩი დინამომ მოიგო მინიმალური ანგარიშით და სამიც სამტრედიამ. ბოლო მატჩი ჩემპიონატში ამ გუნდებს შორის 2018 წლის 18 აგვისტოს თბილისში გაიმართა. პაექრობა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

 

 

მსაჯი და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას პაპუნა მაჭარაძე გაუძღვება. მას ასისტენტობას ლ. ვარამიშვილი და მ. კუპატაძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს ი. ხერხაძე შეასრულებს. დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას სამტრედიელი ბექა ტუღუში გამოტოვებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024