• Geo
  • Eng
15.09.2018
დინამო - საბურთალო | მატჩამდე

ეროვნული ლიგის 24- ე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი დინამო არენაზე საბურთალოს წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 16.00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გეგმვას.

 

 

ჩვენი მეტოქე

საფეხბურთო კლუბი საბურთალო 1999 წელს დაარსდა. 2017 წლის სეზონიდან გუნდმა არენა შეიცვალა და სტუმრებს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე მასპინძლობდა. წელს კი საბურთალოს საშინაო არენად მიხეილ მესხის სტადიონი ითვლება. საბურთალოს საკლუბო ფერები წითელი და თეთრია. 2013/2014 სეზონში საბურთალოს დებიუტი ჰქონდა საქართველოს პირველ ლიგაში. 2014/2015 სეზონში იმარჯვა კიდევაც პირველი ლიგის პირველ ჯგუფში და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში, წითელ ჯგუფში საბურთალომ მესამე პოზიცია დაიკავა და ბრინჯაოს პლეი ოფში დინამოს შეხვდა, რომელთანაც ორი მატჩის ჯამში 0:1 დამარცხდა. 2017 წლის პირველობა საბურთალომ მეოთხე ადგილზე დაასრულა, 36 მატჩიდან დააგროვა რა 60 ქულა. მიმდინარე ჩემპიონატში გუნდი 56 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.

 

 

მწვრთნელი და საბურთალო

2014 წლის ოქტომბრიდან საბურთალოს ახალგაზრდა ფეხბურთის სპეციალისტი - გიორგი ჭიაბრიშვილი ხელმძღვანელობს. მანამდე იგი 2 წელი ედგა საბურთალოს სათავეში. მისი თავკაცობით საბურთალომ უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. გიორგი ჭიაბრიშვილი 2011-2012 წლებში ზესტაფონს წვრთნიდა. გუნდთან ერთად ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა და სუპერთასიც მოიგო. დასრულებულ სეზონში საბურთალომ გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით 60 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილი მეოთხე ადგილზე დაასრულა.

 

 

დინამო - საბურთალო

დინამოელთა შეხვედრებს საბურთალოსთან ხანმოკლე ისტორია აქვს. გუნდები საქართველოს ჩემპიონატში ათჯერ წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ. ხუთ შემთხვევაში დინამომ აჯობა მეტოქეს, ორი მატჩი ფრედ დასრულდა და სამჯერ საბურთალომ იმარჯვა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 17/6 დინამოელთა სასარგებლოდ. 2015 წლის 29 აგვისტოს დინამო არენაზე მათე ცინცაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა ანგარიში. გიორგი ქვილითაიამ პირველივე ტაიმში მეორედ აიღო საბურთალოს კარი. მესამე გოლი ვახტანგ ჭანტურიშვილის ანგარიშზეა, ხოლო წერტილი ალექსანდრე იაშვილმა დასვა და დინამომ 4:0 იმარჯვა. მეორე მატჩში, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე 2016 წლის 27 თებერვალს გაიმართა - გიორგი ქვილითაიამ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ჯაბა ჯიღაურმა და გიორგი თევზაძემ გაუტანეს საბურთალოს და ისევ 4:0 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. მესამედ თბილისური გუნდები ერთმანეთს 2016 წლის 30 ნოემბერს, გარდამავალი პირველობის ბრინჯაოს პლეი ოფში შეხვდნენ და გატანილი გოლების გარეშე 0:0 დაცილდნენ. საპასუხო მატჩი დინამომ 4 დეკემბერს 1:0 მოიგო. გოლი საბურთალოს კარში გიორგი ზარიამ გაიტანა. მიმდინარე პირველობაზე დინამომ 23 აპრილს მიიღო თანაქალაქელი და 2:0 აჯობა. გოლები საბურთალოს კარში საბა ლობჟანიძემ და გიორგი თევზაძემ გაიტანეს. მეორე წრის თამაში 17 ივნისს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე შედგა და ლურჯ-თეთრების გამარჯვებით 5:0 დასრულდა. გიორგი პაპუნაშვილმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ბაჩანა არაბულმა, საბა ლობჟანიძემ და ნიკა ნინუამ გაიტანეს. მესამე წრის შეხვედრა ამ გუნდებს შორის 2017 წლის 17 სექტემბერს ჩატარდა და საბურთალოს გამარჯვებაც დაფიქსირდა. სტუმრებმა 4:1 აჯობეს დინამოს. გოლი საბურთალოს კარში ლაშა თოთაძემ გაიტანა. 2017 სეზონის ბოლო მატჩი საბურთალოსთან დავით პეტრიაშვილის სტადიონზე ჩატარდა და გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მიმდინარე სეზონში ეს გუნდები 15 აპრილს შეხვდნენ ერთმანეთს. მატჩი დინამო არენაზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. იმავე ანგარიშით გაიმარჯვა საბურთალომ 17 ივნისს მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარებულ მატჩში.

 

 

მსაჯი და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას ჯენერი ხორავა წარუძღვება. მას ასისტენტობას ზ. მენთეშაშვილი და ი. უკლება გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები დ. სანოძე და შ. ქუხილავა იქნებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს ა. აფციაური შეასრულებს. დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას დინამოს მხრიდან გუჯა რუხაია და გიორგი კუცია გამოტოვებენ, ხოლო საბურთალოს შემადგენლობიდან მატჩს გრიგოლ ჩაბრაძე დააკლდება.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024