• Geo
  • Eng
11.11.2018
11 ნოემბერი დინამოს ისტორიაში

11 ნოემბერს, კვირას, ჩვენი გუნდი ეროვნული ლიგის ოცდამეთორმეტე ტურში საჩხერის ჩიხურას უმასპინძლებს. შეხვედრა დინამო არენაზე 18.00 საათზე დაიწყება.

11 ნოემბერს საქართველოს ჩემპიონატში დინამოს ხუთი შეხვედრა აქვს გამართული. 1991 წელს თბილისურ დერბიში ჩვენმა გუნდმა შევარდენს 3:2 აჯობა. გოლები მიხეილ ყაველაშვილმა, ზაზა რევიშვილმა და კახი კაჭარავამ გაიტანეს. 1997 წელს დინამომ ლანჩხუთში ადგილობრივი გურია დიდი ანგარიშით 4:0 დაამარცხა. ლევან ხომერიკის ჰეთ თრიქს ერთი გოლი რატი ალექსიძემ მიამატა. 2000 წელს მტკვრისპირელებმა ქუთაისში, ლაშა გადელიას გოლით რიონისპირელებს 1:0 აჯობეს. 2004 წელს ჩატარებული მატჩი ფოთის კოლხეთთან უგოლოდ 0:0 დასრულდა. 2012 წელს ჩვენმა გუნდმა ბათუმის დინამოს 5:3 მოუგო. ჩისკო მუნიოსმა და ჯაბა დვალმა დუბლი გაიფორმეს. ერთი გოლიც ლევან ხმალაძის ანგარიშზეა.

სსრკ– ს პირველობაზე 11 ნოემბერს დინამომ სამი მატჩი გამართა. 1978 წელს თბილისელებმა მოსკოვის ტორპედოს უმასპინძლეს და ფრედ 2:2 დაასრულეს შეხვედრა. გოლები ვლადიმერ გუცაევმა და რამაზ შენგელიამ გაიტანეს. მომდევნო წელს დინამომ მინსკში სეხნიებს 2:1 აჯობა. თავის გამოჩენა ვიტალი დარასელიამ და რამაზ შენგელიამ მოახერხეს. 1981 წელს მტკვრისპირელებმა კრასნოდარის ყუბანს ორი უპასუხო ბურთით მოუგეს. როგორც წინა მატჩებში, ამ შეხვედრაშიც რამაზ შენგელიამ მოახერხა თავის გამოჩენა. ორივე გოლი მის ანგარიშზეა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024