4 აპრილს დინამო თბილისი ეროვნული ჩემპიონატის XXV ტურის შეხვედრას საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ გამართავს. მატჩი ივანწმინდას ცენტრალურ სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება.
4 აპრილს დინამოს თავის ისტორიაში 12 ოფიციალური შეხვედრა აქვს გამართული. 4 მატჩი ეროვნულ ჩემპიონატში და 8 შეხვედრა სსრკ– ს პირველობაზე. 6 მოგება, 5 ფრე და 1 მარცხი. ხოლო გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 19/10 თბილისელთა სასარგებლოდ.
1954 წელს დინამომ მოსკოვის სპარტაკს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა მეტოქე. გოლები ღოღობერიძემ და კალოევმა გაუტანეს მოსკოველებს. 1969 წელს თბილისელებმა მოსკოვის ლოკომოტივი მიიღეს და 3:1 აჯობეს. ასათიანი, მეტრეველი და მესხი აღმოჩნდნენ გატანილი გოლების ავტორები. 1972 წელს იმავე ლოკომოტივთან შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. ფრედ 1:1 მორჩა მატჩი მოსკოვის ცსკა– ან 1976 წელს. გოლი ყიფიანის ანგარიშზეა. 1981 წელს თბილისელებმა მოსკოველ თანაკლუბელებთან დათმეს შეხვედრა ანგარიშით 0:2. მომდევნო წელს მტკვრისპირელებმა მინსკელ თანაკლუბელებს 4:1 მოუგეს. გოლები იმ შეხვედრაში ყიფიანმა (ორი), დარასელიამ და გუცაევმა გაიტანეს. 1983 წელს ვილნიუსში ჟალგირისთან მატჩი უგოლოდ 0:0 დამთავრდა. 1989 წელს ფანცულაიასა და კაჭარავას გოლებით დინამომ ხარკოვის მეტალისტი 2:1 დაჯაბნა.
1990 წელს რუსთავში გორდასა და დინამოს მატჩი ფრედ 1:1 მორჩა. გოლი გურულის ანგარიშზეა. 1996 წელს გოგიჩაიშვილის გოლით დინამომ 1:0 აჯობა ზუგდიდის დინამოს. 2001 წელს ქუთაისის ტორპედოსთან შეხვედრა 1:1 დასრულდა. იაგორაშვილმა გაიტანა გოლი ქუთაისელთა კარში. 2008 წელს დინამომ 4:1 ბათუმს აჯობა. ხუციშვილის დუბლს თითო გოლი სპასოევიჩმა და ხმალაძემ მიამატეს.