დღეს დინამო არენაზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დინამომ საბურთალოს უმასპინძლა. თავიდანვე აღსანიშნავია, რომ მატჩი თვალსასეიროდ და მაღალ ტემპში წარიმართა. შეხვედრა მასპინძელთათვის არასასიამოვნოდ დაიწყო. მე- 4 წუთზე ვლადიმერ დვალიშვილმა ჩვენი გუნდის დაცვის ხაზის შეუთანხმებელი თამაშით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. მატჩის მეათე წუთზე უკვე დინამოს ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების შანსი, ჩამოწოდებულ ბურთს კარისკენ აბდელ მეჯუბი გზავნიდა, მისი თავური ომარ მიგინეიშვილმა მოიგერია. მომდევნო შეტევაში უკვე ლევან კუტალიას არ გაუმართლა, მისი დარტყმული მცირედით აცდა სტუმართა კარს. კიდევ ერთი შეტევა და ამჯერად ლევან შენგელიას არ გამოუვიდა დარტყმა, არადა მანამდე ტექნიკურად ჩამოიცილა მეტოქე. მატჩის მე- 19 წუთზე გიორგი ზარიას შესანიშნავი თამაშის შემდეგ ლევან კუტალია მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა ზუსტად ვეღარ დაარტყა. სამაგიეროდ მომდევნო შეტევაში აკაკი შულაიას ჩაწოდებული შეირგო და ზუსტი თავურით ანგარიშიც გაათანაბრა 1:1. აქედან 4 წუთში დინამოს კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც შედეგიანად გიორგი კოხრეიძემ შეასრულა. ამის შემდეგ დინამომ მთლიანად მოიპოვა სათამაშო უპირატესობა, რამდენჯერმე მწვავედაც შეუტია, მაგრამ უშედეგოდ. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე პენალტი უკვე სტუმართა კარში დაინიშნა, ლევან კუტალიამ კი დუბლი შეასრულა და ტაიმიც მორჩა 2:2. მეორე ნახევრის სტარტზე სახიფათო მომენტები ლევან შენგელიამ და გიორგი კოხრეიძემ გაცვალეს. 66- ე წუთზე აკაკი შულაია შეტევის მარცხენა ფრთიდან საჯარიმოში შეიჭრა, დაარტყა კიდეც, თუმცა ბურთი საბურთალოს კარის ბადეს გარედან მოხვდა. 75- ე წუთზე ლევან შენგელიას აქტიურობა მარჯვენა ფრთიდან, საბოლოოდ მისი დარტყმული ომარ მიგინეიშილმა უკუაგდო. დინამოელთა მასირებულმა შეტევებმა შედეგი მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გამოიღო, აკაკი შულაიას ჩაწოდებული ბურთი შეცვლაზე შემოსულმა ფრან კარბიამ ლევან კუტალიას დაუგდო, დინამოელთა ფორვარდმა კი ჰეთ თრიქი გაიფორმა 3:2. ამის შემდეგ დინამოელები მოედანზე კაცნაკლულნი დარჩნენ. მსაჯმა მოედნიდან მეორე ყვითელი ბარათის გამო აკაკი შულაია გააძევა. ფრან კარბიამ კი თავისი იუბილე საგოლე გადაცემასთან ერთად ზუსტი დარტყმითაც აღნიშნა და მატჩისთვის კომპენსირებულ მესამე წუთზე ლევან შენგელიას გადაცემა თავით გადაგზავნა ომარ მიგინეიშვილის კარში. დინამომ 4:2 იმარჯვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე აინაცვლა. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 3 აპრილს სამტრედიაში ქუთაისის ტორპედოსთან გამართავს.
დინამო 4:2 საბურთალო
გოლი: 0:1 დვალიშვილი 4’ 1:1 კუტალია 20’ 1:2 კოხრეიძე (პენ) 24’ 2:2 კუტალია (პენ) 45’ 3:2 კუტალია 80’ 4:2 კარბია 90+3’
გაფრთხილება: კოხრეიძე 17’ შინდაგორიძე 41’ შულაია 54’ შენგელია 59’ როლოვიჩი 81’ შენგელია 85’
გაძევება: შულაია 85’
დინამო: პერალესი, რუხაია, მეჯუბი, მონხილი, იაშვილი, ივანისენია (ქარდავა 64), პაპავა, შენგელია, შულაია, ზარია (კარბია 72), კუტალია (კობოური 88)
საბურთალო: მიგინეიშვილი, ჩაბრაძე, მარგველაშვილი, კაკუბავა, თევზაძე (ლაკვეხელიანი 46), ალთუნაშვილი, გორგიაშვილი, დიასამიძე, კოხრეიძე, შინდაგორიძე (მალი 76), დვალიშვილი (როლოვიჩი 68)
მსაჯი: ი. კვირიკაშვილი