უმაღლესი ლიგის ოცდამეხუთე ტურის შეხვედრას 4 აპრილს, დინამოელები ივანწმინდაში საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება. ტრადიციულად შეხვედრის ვიდეო და ტექსტურ რეპორტაჟს ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი შემოგთავაზებთ.
ჩვენი მეტოქე
საჩხერის საფეხბურთო კლუბი ჩიხურა 1938 წელს დაარსდა. გუნდის ოფიციალური სიმბოლიკა ყვითელ და ლურჯ ფერებში არის გადაწყვეტილი. ჩვენი მომავალი მეტოქე საშინაო შეხვედრებს საჩხერის ცენტრალურ სტადიონზე მართავს, რომელიც 2000 მაყურებელს იტევს. ჩიხურა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას ხუთწლიანი პაუზის შემდეგ 2012/2013 წლების სეზონში დაუბრუნდა. საქართველოს ჩემპიონატში საჩხერელთა საუკეთესო რეზულტატი გასულ სეზონში დაფიქსირდა, გუნდმა უმაღლეს ლიგაში მეოთხე საფეხური დაიკავა. გასულ სეზონი ჩიხურასთვის წარმატებული გამოდგა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზეც, საჩხერის გუნდმა გათამაშების ფინალში ჩვენი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა და საბოლოოდ ვერცხლის მედლებს დასჯერდა. ჩემპიონატში დაკავებული მეოთხე საფეხური და საქართველოს თასის ფინალისტობამ ჩიხურას ევროასპარეზზე სადებიუტო შეხვედრების ჩატარების უფლება მისცა. გუნდმა უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყო თამაში, სადაც ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ლიხტენშტაინური ვადუცის ბარიერი დაძლია, მეორე ეტაპზე კი შვეიცარიულ თუნთან ორი მატჩის ჯამში – 1:5 დამარცხდა. ჩიხურამ თავისი პირველი ტიტული 22 დეკემბერს მოიპოვა, როცა საქართველოს სუპერთასის ფინალში დინამო თბილისი დაამარცხა მინიმალური ანგარიშით 1:0.
მწვრთნელი და ჩიხურა
საჩხერის ჩიხურას მთავარი მწვრთნელი 2008 წლიდან დღემდე სოსო ფრუიძე გახლავთ, რომელთან ერთადაც გუნდმა პირველ ლიგაში წარმატებას მიაღწია და უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. სოსო ფრუიძემ ჩიხურაში ხუთწლიანი მოღვაწეობის თავზე გუნდი ქართულ საფეხბურთო ელიტაში ანგარიშგასაწევ ძალად აქცია. დებიუტანტის კვალობაზე გასულ სეზონში გუნდმა წარმატებულად იასპარეზა ეროვნულ ჩემპიონატშიც და თასის გათამაშებაზეც. მოიპოვა საქართველოს სუპერთასი. მიმდინარე სეზონში კი გუნდი 24 ჩატარებულ შეხვედრაში მოპოვებული 38 ქულით სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზე იმყოფება.
დინამომდე...
პირველი წრის დასრულების შემდეგ საჩხერის ჩიხურამ ვერ მოახერხა შეკრებაზე საზღვარგარეთ გამგზავრება, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ გუნდმა საკმაოდ იაქტიურა სატრანსფერო ბაზარზე დაიმატა რა- გივი კვარაცხელია, ელგუჯა გრიგალაშვილი და ლევან ხმალაძე. ჩიხურა სეზონისწინა ტესტ მატჩებში დამარცხდა დილასთან 1:2 და ტორპედოსთან 0:1. სამაგიეროდ თასზე მერვედფინალის პირველ შეხვედრაში სიონთან 2:2 დაასრულეს შეხვედრა და ჩემპიონატში ცხინვალის სპარტაკს 3:2 აჯობეს. მარცხი დინამოსთან 1:5. გურიასთან წაგება 0:2. 1:2 დამარცხდა ჩიხურა ტორპედოსთან. შემდეგ კიდევ ორი მარცხი, სიონთან 1:2 და მეტალურგთან 0:2.
ჩიხურა VS დინამო
დინამო და ჩიხურა ეროვნულ ასპარეზზე დღემდე ერთმანეთს 8 შეხვედრაში დაუპირისპირდნენ. დინამოს ანგარიშზე 7 მოგება და ერთი ფრეა. ბურთების ბალანსი 31/7 თბილისელთა სასარგებლოდ. 2006 წლის 18 ნოემბერს დინამომ ანგარიშით 3:1 აჯობა მეტოქეს. გოლები ხუციშვილმა, იაშვილმა და თავბერიძემ (საკუთარ კარში) გაიტანეს. მეორე მატჩი 2007 წლის 16 მაისს გაიმართა და ჩვენმა გუნდმა მშრალი ანგარიშით - 5:0 იმარჯვა. გატანილი გოლებით ფეიქრიშვილი, იაშვილი, მერებაშვილი, ხუციშვილი და გურამ კაშია გამოირჩნენ. მესამე შეხვედრა ამ გუნდებს შორის 2012 წლის 26 სექტემბერს საჩხერეში შედგა და უგოლოდ დასრულდა. მეოთხედ დინამო თბილისი საჩხერლებს 2 დეკემბერს დინამო არენაზე დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 5:2 იმარჯვა. ჩისკომ აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ–თრიქი შეასრულა. თითო გოლი კი ალვაროს და ჯაბა დვალის ანგარიშზეა. 6 აპრილს ჩატარებულ მატჩში დინამომ სამი უპასუხო ბურთით იმარჯვა. ჩისკოს დუბლს ერთი გოლი ხმალაძემ მიამატა. მეხუთე შეხვედრა ამ გუნდებს შორის საჩხერეში გაიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით 4:2 დასრულდა. გოლები გრაიციარის, ჩისკოს, მერებაშვილის და კოტოს ანგარიშზეა. 20 ოქტომბერს დინამომ ანგარიშით 6:1 დაამარცხა მეტოქე. ჩისკომ ჰეთ-თრიქი შეასრულა. ჯაბა დვალმა დუბლი. ერთი გოლიც ირაკლი ძარიას ანგარიშზეა. ბოლოს კი გუნდები ერთმანეთს ზესტაფონში 2 მარტს დაუპირისპირდნენ და დინამომ 5:1 აჯობა ჩიხურას. ჩისკოს ჰეთ თრიქს თითო გოლი პაპუნაშვილმა და მერებაშვილმა მიამატეს. აღსანიშნავია, რომ ესპანელ გოლეადორს ჩიხურას კარში 12 გოლი აქვს გატანილი.
დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო დინამო თბილისის შემადგენლობიდან არავინ დააკლდება. ჩიხურა დისკვალიფიკაციის გამო ელგუჯა გრიგალაშვილს და გიორგი დათუნაიშვილს მოისაკლისებს.
ჩიხურა VS დინამო – მსაჯი
უმაღლესი ლიგის XXV ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი ივანწმინდაში საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ გამართავს, მახაზ ბეუქლიშვილი განსჯის. მისი ასისტენტები იქნებიან- გ. ჩიგოგიძე და ზ. ფიფია. დამხმარე ასისტენტები - ხ. გაგნიძე და გ. კიკაჩეიშვილი. სათადარიგო მსაჯი ა. კრიჭაშვილი.
მალხაზ ბეუქლიშვილმა ბოლოს 31 მარტს მეორე ლიგაში გამართული – ფორვარდი 3:4 ივერიონი იმსაჯა. შეხვედრაში არბიტრმა 3 ყვითელი ბარათი უჩვენა ფეხბურთელებს.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით მალხაზ ბეუქლიშვილმა ბოლოს 2012 წლის 29 აგვისტოს თასის შეხვედრაში იმსაჯა. დინამომ სტუ 8:0 დაამარცხა, არბიტრმა, კი ერთხელ გააფრთხილა ფეხბურთელები.
ჩიხურას სავარაუდო შემადგენლობა
ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში საჩხერელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:
თევდორეძე – კაშია, ოდიკაძე, ლომაშვილი, ხმალაძე – კვასხვაძე, ბეჭვაია, დეკანოიძე, ქიმაძე, ჯიღაური – გაბედავა