პარასკევს 12 აპრილს დინამო თბილისი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მერვე ტურის შეხვედრას გორის დილას წინააღმდეგ ჩაატარებს.
12 აპრილს დინამოს თავის ისტორიაში 15 ოფიციალური შეხვედრა აქვს ჩატარებული. 7 მოგება, 2 ფრე და 6 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 27/17 თბილისელთა სასარგებლოდ.
1990 წელს დინამომ დილას უმასპინძლა და 5 უპასუხო გოლი გაუტანა. თემურ ქეცბაიას დუბლს თითო გოლი კახა ცხადაძემ, გრიგოლ ცაავამ და გია გურულმა მიამატეს. 1992 წელს დინამომ 7:2 აჯობა ზუგდიდის ოდიშს. გოლები გაიტანეს: შოთა არველაძემ (3), მიხეილ ყაველაშვილმა, მურთაზ შელიამ, გოჩა ჩიქოვანმა და კახი კაჭარავამ. ორი წლის შემდეგ თბილისელებმა 4:0 მოუგეს რუსთავის მეტალურგს. შეხვედრაში ორი გოლით გამოირჩა გიორგი დემეტრაძე. კიდევ ორი გოლი კახი გოგიჩაიშვილმა და ლევან ხომერიკმა გაიტანეს. 2001 წელს ზაზა ზირაქიშვილისა და ნიკოლოზ თუთარაშვილის გოლებით დინამომ 2:1 აჯობა ფოთის კოლხეთს. 2006 წელს სიონმა ბოლნისში აჯობა დინამოს 1:0. ბოლნისმა 2014 წელს იმავე ანგარიშით თბილისშიც იმარჯვა.
1967 წელს მტკვრისპირელებმა მიხეილ მესხის გოლით 1:0 მოუგეს მოსკოვის ცსკა- ს. 1969 წელს თბილისელებმა მინსკელ თანაკლუბელებს მოუგეს 2:1. გურამ პეტრიაშვილმა და გივი ნოდიამ გაიტანეს გოლები. 1970 წელს როსტოვის სკა- სთან წავაგეთ 1:2. გოლი გივი ნოდიას ანგარიშზეა. მომდევნო წელს მოსკოვის ცსკა- მ მოუგო დინამოს 1:0. 1974 წელს ისევ ცსკა და მარცხი 1:3. გოლი დავით ყიფიანმა გაიტანა. 1975 წელს მოსკოვის ლოკომოტივთან მატჩი უგოლოდ დასრულდა. 1978 წელს რამაზ შენგელიას გოლით კიევის დინამოს ვაჯობეთ. 1980 წელს ფრე კრასნოდარის ყუბანთან 2:2. გოლები მანუჩარ მაჩაიძემ და დავით ყიფიანმა გაიტანეს. 1987 წელს ვილნიუსში ჟალგირისმა მოუგო დინამოს 3:1. სოსო ჭედიამ გაიტანა ერთადერთი გოლი.