• Geo
  • Eng
05.08.2011
ჩვენი მეტოქე – ათენის აეკ-ი

უეფა-ს ევროპის ლიგის ფლეი-ოფში თბილისის “დინამოს” მეტოქე ათენის აეკ-ი იქნება. დინამო ევროთასებზე ბერძნულ კლუბს მეოთხედ დაუპირისპირდება. ჩვენმა გუნდმა გამარჯვება მხოლოდ პირველ ორთაბრძოლაში შეძლო. 1980-81 წლების სეზონში დინამოს ტრიუმფალური სვლა საბერძნეთიდან დაიწყო. კასტორიასთან სტუმრად ფრე 0:0 და 2:0 თბილისში. შემდეგი შეხვედრა ბერძნულ კლუბთან უეფას ჯგუფურ ეტაპზე შედგა, როდესაც ათენში პანიონიოსმა 5:2 იმარჯვა. 2008-09 წლების ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პანათინაიკოსთან გასვლაზე 0: 3 დავთმეთ, თბილისში კი ფრედ 0:0 ვითამაშეთ. 
აეკ-ი საბერძნეთის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია. ათენელთა აქტივში 30-ზე მეტი ტიტულია. ოქტომბრიდან გუნდს ცნობილი ესპანელი სპეციალისტ მანოლო ხიმენესი წვრთნის, რომელიც მანმადე 3 სეზონის განმავლობაში ესპანურ სევილიას ედგა სათავეში. აეკ-მა ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა, საბერძნეთის თასის ფინალში კი ატრომიტოსი 3:0 დაამარცხა.
აეკ-ის ღირსებას არაერთი ცნობილი ფეხბურთელი იცავს. გუნდის კაპიტანია 36 წლის ნიკოს ლიბეროპულოსი, რომელიც წლების მანძილზე ნაკრების ღირსებას იცავდა. ისევე როგორც 35 წლის ტრაიანოს დელასი, რომელიც 2004-ში ევროპის ჩემპიონიც გახდა.
ხიმენესის გუნდში მრავლად არიან ლეგიონერებიც, რომელთაგან ყველაზე ცნობილი ეიდურ გუდიონსენია. მოგეხსენებათ 32 წლის ისლანდიელი ფორვარდი მდიდარი კარიერის მანძილზე ბარსელონაში და ჩელსიში გამოდიოდა. აქვე გამოდის სენეგალელი პაპა ბუბა დიოპი, რომელიც წლების მანძილზე ფრანგულ და ინგლისურ კლუბებში გამოდიოდა. აეკ-ი საშინაო მატჩებს ოლიმპიურ სტადიონზე მართავს, რომელიც 70.000 მაყურებელს იტევს.
1999-2000 წლების სეზონში უეფას თასზე ბერძნებმა ტორპედოს 6:1 და 1:0 მოუგეს.
პირველი მატჩი აეკ-თან 18 აგვისტოს ათენში გაიმართება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024