კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცხრე ტურში დინამო თბილისი ვიტ ჯორჯიას შეხვდება. მატჩი მიხელ მესხი 2- ზე 21.00 საათზე დაიწყება.
ჩვენი მეტოქე
საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია საქართველოს ჩემპიონატში 1997/1998 წლების სეზონში გამოჩნდა. გუნდის სიმბოლიკა ძირითადად მწვანე და თეთრ ფერებში არის გადაწყვეტილი. ვიტ ჯორჯია საშინაო მატჩებს მცხეთაში, 2000- იან მცხეთა პარკზე მართავდა, მაგრამ ამ სეზონში მიხეილ მესხი 2- ზე მასპინძლობს სტუმრებს. 1997 წლის მიწურულს შექმნილმა კლუბმა უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე მორკინალი ჩაანაცვლა. ქართულ საფეხბურთო ელიტაში მოხვედრიდან სამი წლის შემდეგ გუნდმა პირველი მედლების მოპოვებაც მოახერხა, გუნდმა 1999/2000 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონატში მეორე პოზიცია დაიკავა და ვეტერინარები ვერცხლის მედლებს დაეპატრონენ. მას შემდეგ 10 წლის განმავლობაში ვიტ ჯორჯია სტაბილურად ახერხებდა ევროთასებზე გამსვლელი საგზურის მოპოვებას. ვეტერინარებმა ევროტურნირებზე უკანასკნელად 2010/2011 წლების სეზონში იასპარეზეს. უეფას ევროპის ლიგის გათამაშებაზე ჩვენი მომავალი მეტოქე ჩეხურ ბანიკ ოსტრავას დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში ანგარიშით – 0:6 დამარცხდა. ვიტ ჯორჯიამ ისტორიაში დიდ წარმატებას 2003/2004 წლების სეზონში მიაღწია, გუნდმა საქართველოს ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა და თავისი პირველი ტიტული მოიპოვა. ვეტერინარებმა ანალოგიური შედეგი 2008/2009 წლების სეზონში გაიმეორეს და საქართველოს ჩემპიონის წოდებას მეორედ დაეუფლნენ. 2009/2010 წლების სეზონში ვიტ ჯორჯიამ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზე იმარჯვა. დინამო არენაზე გამართულ ფინალურ მატჩში, რომელსაც 12 000 მაყურებელი ესწრებოდა, ერთმანეთს ჩვენი გუნდი და ვიტ ჯორჯია დაუპირისპირდნენ. ფინალური შეხვედრა დინამოელებმა მინიმალური ანგარიშით – 0:1 წააგეს. 2009 წელს საქართველოს სუპერთასისთვის ბრძოლაში დინამოელთა და ვეტერინართა გზები გადაიკვეთა. რუსთავში, ფოლადის სტადიონზე საქართველოს თასის მფლობელი დინამო თბილისი ჩემპიონ ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ – 1:1 დასრულდა, 15 წუთიან დამატებით ტაიმებში კი ვეტერინარებმა გოლის გატანა და სუპერთასის მოპოვება შეძლეს. ვიტ ჯორჯიამ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა 2015 წელს დატოვა და მიმდინარე სეზონში დაბრუნდა.
მწვრთნელი და ვიტ ჯორჯია
ვიტ ჯორჯიელთა მთავარი მწვრთნელი 2019 წლის იანვრიდან ვლადიმერ ხაჩიძე გახლავთ. კლუბს ჩატარებული 8 მატჩიდან 8 ქულა აქვს დაგროვილი და გათამაშების ცხრილში მერვე ადგილზე იმყოფება.
დინამო VS ვიტ ჯორჯია
ძველ მეტოქეებს შორის ჩატარებული მატჩები ყოველთვის გამოირჩევა დაძაბულობით და პრინციპულობით, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს. 51 ჩატარებულ შეხვედრაში 20 მატჩი დინამომ მოიგო, 12 შემთხვევაში იმარჯვა ვიტ ჯორჯიამ და 19 თამაში საყაიმო ანგარიშით დასრულდა. ბურთების შეფარდება დინამოს სასარგებლოდ არის- 64/40. აღსანიშნავია, რომ 10 შემთხვევაში უგოლო ფრე დაფიქსირდა, 1:0 კი ყველაზე პოპულარული ანგარიშია. ამ შედეგით 13 მატჩი დასრულდა. ოთხბურთიანი სხვაობით დინამომ 2000 წლის 25 ნოემბერს იმარჯვა. მეთორმეტე ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურში ჩატარებული მატჩი ჩვენმა გუნდმა ოთხი უპასუხო ბურთით მოიგო. დიდი სხვაობით, კი დინამო 2001 წლის 17 ნოემბერს, მეცამეტე ჩემპიონატის მეთექვსმეტე სათამაშო დღეს საკუთარ სტადიონზე ანგარიშით 2:5 დამარცხდა.
უკანასკნელი მატჩი, რომელიც დინამოსა და ვიტ ჯორჯიას შორის შედგა 2015 წლის 19 აპრილით თარიღდება. დინამო არენაზე გამართული პაექრობა მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა. გიორგი პაპუნაშვილმა დუბლი შეასრულა. ერთი გოლიც მათე ცინცაძემ გაიტანა.
მსაჯი და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
შეხვედრას ვიტ ჯორჯიას წინააღმდეგ - არსენ ნონიკაშვილი განსჯის. მას ასისტენტობას ზ. მენთეშაშვილი და დ. გაბისონია გაუწევენ. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი ი. ხერხაძე შეასრულებს. შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ვეტერინარები - რევაზ ჩიტეიშვილი და ნიკოლოზ მაისურაძე გამოტოვებენ.