თურქულ შეკრებაზე მყოფი დინამო თბილისი თავის მესამე სპარინგ მატჩს ლატვიური ვალმიერას წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა სიდეში თბილისის დროით 13.00 საათზე დაიწყება.
საფეხბურთო კლუბი ვალმიერა 1996 წელს დაარსდა. საშინაო მატჩებს ვალმიერა 1500-იან იანის დალინშ სთეიდიუმზე ატარებს. საკლუბო ფერები კი შავსა და თეთრშია გადაწყვეტილი.
კლუბს შედეგიანი წინსვლა 2020 წლიდან აღენიშნება. ამ წელს ლატვიურმა გუნდმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, მომდევნო სეზონი ვერცხლის მედლებით დაასრულა, ხოლო 2022 წელს ვალმიერა ლატვიის ჩემპიონი გახდა.
ვალმიერამ მიმდინარე მოსამზადებელ ეტაპზე უკვე გამართა 2 მატჩი. 27 იანვარს ლატვიელებმა ესტონური ფლორა 2-0 დაამარცხეს, ხოლო 2 თებერვალს პოლონურ ლეხიასთან მატჩი 1-2 დათმეს.
გუნდის მთავარ მწვრთნელად 41 წლის ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი - იურგის კალნსი მუშაობს.
ფოტო (c) ვალმიერას სოც. მედია