• Geo
  • Eng
20.08.2011
დინამოსთან ერთად !

ათენის ოლიმპიურ სტადიონის ტრიბუნებზე ანშლაგი არ ყოფილა, მაგრამ აეკ-ს ერთგული ფანობის მხურვალე მხარდაჭერა მთელი მატჩის მანძილზე 1 წუთითაც არ მოჰკლებია. შეხვედრას დაახლოვებით 100 ქართველი გულშემატკივარიც ესწრებოდა. დინამოელებმა მატჩი თამადად დაიწყეს და განსაკუთრებით პირველი ტაიმის მანძილზე არაფრით ჩამოუვარდებოდნენ მეტოქეს, რომელიც შეხვედრის უდავო ფავორიტად მიიჩნეოდა. პირველ ტაიმში დინამომ მეტოქეს აჯობა. მართალია რეალური საგოლე საფრთხე არცერთ კართან არ შექმნილა, მაგრამ ჩვენი გუნდი სრულად აკონტროლებდა თამაშის მიმდინარეობას, თამაშის ტემპს. დინამოს ხელთ ეპყრა თამაშის სადავეები. მათ დანაპირები შეასრულეს, არანაირი რიდი ძლიერი მეტოქის მიმართ, ჩვენი ფეხბურთელები ზედმიწევნით ცდილობდნენ ალექს გარსიას დავალების შესრულებას.  პირველ 45 წუთში ლორიას მხოლოდ ერთხელ, ისიც 35-ე წუთზე მოუწია თამაშში ჩართვა, როდესაც ბელეკის დარტყმა მოიგერია. დინამოელებმა რამდენიმე ბევრად უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი  და მრავალსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც სამწუხაროდ ზუსტი დარტყმებით ვერ დასრულდა. მეორე ნახევარიც დაახლოვებით მსგავსი სცენარით დაიწყო. მანოლო ხომენესმა შეცვლებს მიმართა, ჯერ ვეტერანი ლიბეროპოლუსი დასვა სკამზე, შემდეგ კი გუდიონსენი. აღნიშვნის ღირსია ის გარემოებაც, რომ მეორე ტაიმში ბერძნებმა უხეშ, ხშირ შემთხვევაში ბინძურ თამაშს მოუხშირეს და 7 ყვითელი ბარათიც მიიღეს. უელსელ არბიტრს ცოტა მეტი პრინციპულობა, რომ გამოეჩინა სხვა ფერის ბარათის ჩვენებაც შეიძლებოდა, თუნდაც კოშკაძის სახიფათო რეიდის შეჩერებისას მატჩის დასაწყისში. განსაკუთრებით ბევრი მოხვდა ჩისკოს. ბეწვზე გადაურჩა უმძიმეს ტრავმას თომაშვილი. ერთი სიტყვით მატჩის შემდეგ დინამოელთა ნაიარები, ყინულით დაფარაული ფეხები სავალალო სანახავი გახლდათ. მატჩი დასასრულისკენ მიდიოდა. დინამო ბოლო წუთებში აქცენტს ანგარიშის შენარჩუნებაზე აკეთებდა, როდესაც ერთმა შეცდომამ სტანდარტის დროს გოლი გამოიწვია. დასანანია, როდესაც აგებ თამაშს, რომელიც წასაგები არ იყო, მაგრამ ამავდროულად ოპტიმიმიზმის რეალური საფუძველიც არსებობს. დინამო ამ მატჩის შემდეგ უფრო ახლოა მიზანთან, ვიდრე მატჩის წინ. თბილისში, სავსე ტრიბუნების ომახიანი მხარდაჭერის პირობებში შესაძლებელია აეკ-ის სასურველი შედეგით დამარცხება. მიიჩნევა, რომ აეკ-ი სახლის გუნდია. სახლის გუნდია დინამოც. ათენში 0:1, თბილისში ? ამ კითხვაზე პასუხს ერტად მივიღებთ, როდესაც ხუთშაბათს, 25 აგვისტოს, 21 საათზე ეროვნული სტადიონის ტრიბუნებს შევავსებთ და დინამოსთან ერთად შევეცდებით საფებურთო დღესასწაულის მოწყობას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024