• Geo
  • Eng
16.09.2011
კოლხეთი VS დინამო - მატჩის წინ

საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. ვინდაინ ფოთში ცენტრალურ სტადიონზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს,  კოლხეთი ზუგდიდში გულია თუთბერიძის სახელობის სტადიონზე გვიმასპინძლებს.  შეხვედრა თბილისის დროით 16:00–ზე დაიწყება და მას დავით ხარიტონაშვილი განსჯის.

ფოთის კოლხეთს საკუთარ მოედანზე გამარჯვებისთვის ჯერ არ მიუღწევია. ფოთელები გასვლაზე უკეთ გამოიყურებიან. მათ ოთხიდან სამ შეხვედრაში არ წააგეს.დინამოელები კი მიმდინარე ჩემპიონატში გასვლით შეხვედრებში 100% მაჩვენებლით, ორიდან ორი მოგებით იწონებენ თავს. კოლხეთი, ხუთი თამაშის შემდგომ,  ხუთი ქულით მეერვე ადგილს იკავებს. ფაზისელმა ფეხბურთელებმა სეზონი მეტად ხმაურიანად და სენსაციურად დაიწყეს. სასტარტო ორ ტურში ევროთასებზე მონაწილე გუნდებს – რუსთავის მეტალურგსა და ზესტაფონის ზესტაფონს გასვლით შეხვედრებში თითო-თითო  ქულა გამოჰგლიჯეს ხელიდან.    თუმცა ფოთელთა წაუგებელი სერია დიდხანს არ გაგრძელებულა. მათ მესამე ტურის შეხვედრის მესამე წუთზე ზუგდიდში ბაიასთან დაპირისპირებისას საბედისწერო გოლი გაუშვეს. ვაჟა ლომაშვილმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. 65–ე წუთზე ბაიას კარის მიმართულებით დანიშნული პენალტის რეალიზირება ლევან მდივნიშვილმა ვერ მოახერხა... ბოლოს კი ბაიას ნახევარმცველმა, ავთო ენდელაძემ გაიტანა გოლი და ფოთელებმა სეზონის პირველი შეხვედრაც 0:2 დათმეს. ამ მატჩს კი კიდევ ერთი წაგება მოჰყვა. კოლხეთმა საშინაო მატჩი,რომელიც საკუთარი არენის რეკონსტრუქციის გამო ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ჩაატარა,უმაღლესი ლიგის დებიუტანთან,გორის დილასთან წააგო, მინიმალური ანგარიშით – 0:1.
ბოლო ტურის შეხვედრაში კი ფოთელმა ფეხბურთელებმა სეზონში პირველი მოგება  მოგება იზეიმეს და მათ კვლავ 2011/2012 წლების ევროასპარეზმოლეულ გუნდს მოატეხეს რქები.ფოთელებმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელ გაგრას,  გასვლით შეხვედრაში არაფერი დაუთმეს და 2:1 დაამარცხეს. მიუხედავად იმისა,რომ კოლხეთი უკვე 17–ე წუთზე  მარცხდებოდა, მათ მაინც მოახერხეს ორი გოლის გატანა  სამი ქულის მოპოვება.
აღსანიშნავია, რომ ფოთელები სათამაშო დისციპლინას იცავენ, რაზეც ხუთიდან ორი ყვითელ–წითელის გარეშე ჩატარებული შეხვედრაც მიუთითებს.
კოლხეთმა დინამოსთან შეხვედრამდე განწყობა კიდევ უფრო აიმაღლეს. თასის გათამაშების პირველ წრეში ხობის კოლხეთი გამოთიშეს გათამაშებას და ქართული ფეხბურთის ფლაგმანის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას ზედიზედ ორი მოგებით ხვდებიან.
საინტერესო დეტალი,რომელზეც თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ – ფოთელები მიმდინარე ჩემპიონატში ყველაზე ძლიერად პირველი ტაიმის უკანასკნელ ხუთ წუთსა და მეორე ტაიმის საწყის ხუთ წუთს თამაშობენ. დროის ამ მონაკვეთში   მეტოქეთა კარში ორჯერ მოახერხეს გოლის გატანა.
ფოთელთა სავარაუდო შემადგენლობა: ნადირაშვილი, დათუნაიშვილი, გულუა, ინწკირველი,ცხვიტარია, შავგულიძე, ქებაძე, გვალია, ჯანაშია, ციცხვაია, მდივნიშვილი,
 
თქვენი ყურადღება გვსურს გავამახვილოთ ერთ, საინტერესო ფაქტზე –  დინამომ ოთხივე   შეხვედრაში ორ–ორი გოლი გაუტანა  მეტოქეს. აქედან სამი ბურთი თბილისელებმა 90+3–ე წუთზე გაიტანეს, რომელთაგანაც ორი ბურთი  მიკელ ალვაროს ანგარიშზეა... ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დინამოს ესპანელ ლეგიონერთაგან მინიმუმ ერთი ფეხბურთელი მაინც ასრულებს შეხვედრას გატანილი გოლით.
 
ფოთის კოლხეთისა და დინამო თბილისის ურთიერთდაპირისპირების ისტორია   1990 წლიდან იღებს .ეს გუნდები დღევანდელ დღემდე ერთმანეთს 45–ჯერ დაუპირისპირდნენ.   თბილისელებმა 31 მატჩში მოახერხეს მეტოქის ძლევა. რვა შემთხვევაში დინამოსა და კოლხეთის დაპირისპირება ფრედ დასრულდა, 6–ჯერ კი ფაზისელებმა მოახერხეს გამარჯვება.  ბურთების შეფარდება დინამოელთა სასარგებლოდ 102:32–ზე გახლავთ.
დინამომ გასვლით შეხვედრაშო ფოთელებს პირველად 1990 წლის სექტემბერში მოუგო და მას შემდეგ  შემოდგომის პირველ თვეში გამართული    ყველა დაპირისპირება    შინ თუ გარეთ დინამოს გამარჯვებით სრულდება.
უკანასკნელად დინამო ფოთელებთან 2003 წლის აგვისტოში დამარცხდა 1:2
გასული სეზონი.ურთიერთშეხვედრები:


11.09.2010 წელი
კოლხეთი 1 - 3 დინამო
გოლები: 0-1 ხმალაძე 7', 1-1 გვალია 26' 1-2 კოშკაძე 38', მუჯირი 83'
27.10.2010 წელი
დინამო 5 - 0 კოლხეთი
გოლები: 1-0 კვარაცხელია 10', 2-0,3-0 ლექვთაძე 49'. 62', 4-0 მუჯირი 72', 5-0 ხმალაძე 75'
6.03.2011 წელი
კოლხეთი 0 - 2 დინამო
გოლები: 0-1 კოშკაძე 24', 2-0 იელიჩი 40'
1.05.2011
დინამო 4 - 2 კოლხეთი
გოლები: 1-0 ფანცხავა 5', 1-1 გვალია 17', 2-1 არზიანი 26', 2-2 მდივნიშვილი 41', 3-2 კაკუბავა 53', 4-2 ჯუისი 65'
საუკეთესო მეგოლეები 2011/2012 წლების სეზონში
კოლხეთი – ცხვიტარია,გოგონაია, ქებაძე – 1 გოლი
დინამო – ჩისკო – 3 გოლი, ალვარო – 2 გოლი

გასული სეზონი:
ფოთის კოლხეთი შინ – 18 შეხვედრა,  8 მოგება, 4   ფრედ,   6  მარცხი.
დინამო თბილისი სტუმრად – 18 შეხვედრა,  9 მოგება, 4 ფრე, 5 წაგება.
საგულისხმოა,რომ გასულ სეზონში ფოთელთა კარში 2–2 გოლის გამტანი გუნდის კაპიტანი ალექსანრე კოშკაძე,ირაკლი ლექვთაძე და ლევან ხმალაძე კვლავ დინამოს ღირსებას იცავენ. გასულ სეზონში ფოთელთა ერთ–ერთ დამამწუხრებელს, ლევან ხმალაძეს მოახლოებულ შეხვედრაში მოედანზე ტრავმის გამო ვერ ვიხილავთ.თუმცა სრულიად ჯანმრთელნი და მოტივირებულნი ხვდებიან გასვლით შეხვედრას ალექსანდრე კოშკაძე და ირაკლი ლექვთაძე,რომლებიც გასული სეზონის მაჩვენებლის მინიმუმ განმეორებას შეეცდებიან.   ძველი არმიიდან ფოთელებმა ლაშა გვალიას სახით მთავარი დამრტყმელი შეინარჩუნეს და სწორედ მის იმედად მოუწევს ყოფნა სოსო ფილიას გუნდს,თუმცა ფოთელები შეხვედრას მაინც დანაკლისით ხვდებიან.ჩვენი მოწინააღმდეგე დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების პირველ ეტაპზე, მოედნიდან გაძევებულ ვაჟა ლომაშვილს მოისაკლისებს,რომელიც საკუთარ გუნდს დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარება.


აღსანიშნავი არის ის ფაქტიც,რომ ფოთის კოლხეთის რიგებში მოთამაშე ალექსანდრე ინწკირველს 2008/2009  წლების სეზონში თბილისის დინამოს ღირსებას იცავდა.მან ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ჩატარებულ შვიდ შეხვედრაში ერთი გოლის გატანაც მოახერხა.


დასასრულს ურთიერთდაპირისპირების ისტორიის მეტად საინტერესო სტატისტიკურ დეტალზე გვსურს თქვენი ყურადღების გამახვილება. გასულ სეზონში ფოთის კოლხეთი ერთადერთი გუნდი გახლდათ, რომელთანაც დინამომ ოთხივე შეხვედრის მოგება მოახერხა. 


შეგახსენებთ,რომ ზუგდიდში ფოთის კოლხეთსა და დინამო თბილის შორის  შეხვედრა ზუგდიდში   16:00–ზე დაიწყება და მის ტექსტურ LIVE-ს ჩვენი გუნდის ოფიციალურ საიტზე იხილავთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024