• Geo
  • Eng
24.09.2011
ელიტ რაუნდში დინამოელთა გოლებით

საქართველოს 17–წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს  მოლდოვაში მართავს, გულშემატკივართ წარმატებული გამოსვლით კვლავაც ახარებს. ჩვენი ქვეყნის მოზარდთა ნაკრებმა ამჯერად მასპინძელი თანატოლები დააჩოქა და მოლდოველებს ანგარიშით 2:1 სძლია. პირველი შეხვედრის მსგავსად დინამოელმა ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა გატანილი გოლით თავი კვლავაც გამოიჩინა. ამრიგად ორი ჩატარებული შეხვედრიდან ორი მოგებით ჩვენი ქვეყნის 17–წლამდელა ნაკრები შესარჩევ ქვეჯგუფს ლიდერობს. აქვე გეტყვით, რომ შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოზარდმა ჯვაროსნებმა ელიტ რაუნდში თამაშის უფლებაც მოიპოვეს.

საქართველოს 17–წლამდელთა ნაკრები, რომლის თავკაციც დინამო თბილისის აკადემიაში მომუშავე მწვრთნელი, ვასილ მაისურაძე გახლავთ, მომდევნო და ამავდროულად უკანასკნელ შეხვედრას 26 სექტემბერს, შვედეთის 17–წლამდელთა ნაკრებთან გამართავს. შეგახსენებთ, რომ მოლდოვაში მყოფ ნაკრებს ოთხი დინამოელი ფეხბურთელი – ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ოთარ კაკაბაძე, თორნიკე მაჭავარიანი ახლავს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024