• Geo
  • Eng
27.09.2011
ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ფეხბურთში იუბილარია

ქართულ სპორტს 33 ოლიმპიური ოქროს მედალოსანი ჰყავს, მათგან კი მხოლოდ ერთია ფეხბურთელი. დინამო თბილისის ყოფილი მარჯვენა მცველი- გელა კეტაშვილი, რომელიც დღეს იუბილარია.
გელა კეტაშვილი 1965 წელს თბილისში დაიბადა. მისი საფეხბურთო კარიერა  საინტერესოდ წარიმართა. 1984 წლიდან 1990 წლამდე თამაშობდა დინამოში. თბილისელთა შემადგენლობაში გელამ 184 მატჩი ჩაატარა 7 გოლი გაიტანა. სსრკ-ს ჩემპიონატში 137 თამაშში 4 გოლი დაუგროვდა, სსრკ-ს თასზე ცამეტ შეხვედრაში ერთი გოლი, ხოლო საერთაშორისო ასპარეზზე  31 თამაშში 2- ჯერ შეარხია მეტოქეთა კარის ბადე. მან ეროვნულ ჩემპიონატში 1990 და 1995 წლებში დინამოს ფორმით თორმეტჯერ იასპარეზა.
არის საქართველოს ორგზის ჩემპიონი, სპორტის დამსახურებული ოსტატი, 1988-89 წლებში შედიოდა საუკეთესო 33 ფეხბურთელს შორის, არის ღირსების ორდენის კავალერი. გელა კეტაშვილის ბიოგრაფიაში დაუვიწყარია 1988 წელს სეულში ჩატარებული ოლიმპიადა, სადაც სსრკს ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა.  საბჭოთა ნაკრებმა ფინალში    ბრაზილიის დამარცხება შეძლო.
სსრკ-ს ოლიმპიურ ნაკრებში ჩატარებული აქვს 11 შეხვედრა ისეთ გუნდებთან როგორებიცაა:  ნორვეგია, თურქეთი (2-ჯერ), შვეიცარია, კორეა, ბულგარეთი, არგენტინა, აშშ, ავსტრალია, იტალია და ბრაზილია. მთავარ ნაკრებში კი სამჯერ მისცეს ასპარეზობის შანსი შესაბამისად, თურქეთის, ისლანდიის და პოლონეთის წინააღმდეგ.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ, დინამო თბილისს (იბერიას) სწორედ გელა კეტაშვილმა უკაპიტნა. მას ასევე პირველს ეკეთა კაპიტნის სამკლაური ეროვნული ნაკრების ისტორიაში სადებიუტო შეხვედრაში ლიტველთა წინააღმდეგ.
დინამოელები ვულოცავთ ჩვენი გუნდის გამორჩეულ ვეტერანს  დაბედების დღეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024