• Geo
  • Eng
27.05.2019
დინამო თბილისის სპონსორი betlive.com გახდა

დღეს დინამო არენას მედია დარბაზში სკ დინამო თბილისსა და კომპანია betlive.com- ს შორის სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა. betlive.com 2020 წლის სეზონის ბოლომდე დინამო თბილისის გენერალური სპონსორი გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში აღნიშნული დროის პერიოდში დინამო თბილისი სპონსორისგან ნახევარ მილიონ ლარამდე დაფინანსებას მიიღებს. ასევე აღსანიშნავია ბონუს სისტემაც, რომელიც შედეგებიდან და წარმატებული ასპარეზობიდან გამომდინარე მიიღება. ხაზგასასმელია, რომ დინამო თბილისის მედია პარტნიორი იქნება სპორტული პორტალი Live.ge. Live.ge ასევე დინამოს აკადემიის გენერალური სპონსორიც გახდა

 

პრესკონფერენციაზე დამსწრე ჟურნალისტებს სიტყვით დინამო თბილისის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ცინცაძემ, betlive.com- ის გენერალურმა დირექტორმა თემურ კოპალეიშვილმა და betlive.com- ის კომერციულმა დირექტორმა ლუკა კაპანაძემ მიმართეს.

ზურაბ ცინცაძე: დინამო თბილისისა და ბეთლაივის პარტნიორობა არაა შემთხვევითი მოვლენა. კომპანიის ინიციატივით დედაქალაქში ლეგენდარულ დინამოელთა ბანერები გამოჩნდა, რასაც საკმაოდ დადებითი რეაქცია მოჰყვა მოსახლეობაში და საზოგადოების მოწონებაც დაიმსახურა. ამის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდა და დღეს ბეთლაივი ხდება დინამო თბილისის ოფიციალური სპონსორი. სპონსორობის ვადა 2020 წლის სეზონის ბოლომდეა გათვლილი, თანხა კი 450 000₾ შეადგენს. გარდა ამისა გათვალისწინებულია კლუბისთვის საკმაოდ მომგებიანი საბონუსე სქემა. ჩვენ მოხარულები ვართ ბეთლაივთან თანამშრომლობით და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს თანამშრომლობა იქნება ურთიერთხელსაყრელი და შედეგიანი.

თემურ კოპალეიშვილი: განსაკუთრებით მოხარულნი ვართ იმ ფაქტით, რომ მოგვეცა საშუალება ვითანამშრომლოთ ქართული ფეხბურთის ფლაგმანთან და ქვეყნის სპორტული ისტორიის მთავარ სიამაყესთან. ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა არამარტო დინამო თბილისის წარმატებას შეუწყობს ხელს, არამედ ზოგადად ქვეყანაში ქართული სპორტის განვითარებას.

ლუკა კაპანაძე: ჩვენთვის აღნიშნული პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია. შეგვიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ჩვენი პარტნიორობა არ იქნება ერთი უბრალო, მორიგი სპონსორობა გუნდსა და კომპანიას შორის. ჩვენ გვაქვს საკმაოდ შორს მიმავალი გეგმები და გპირდებით, რომ ერთად აუცილებლად მივაღწევთ იმ წარმატებას, რომელსაც ეს გუნდი იმსახურებს – არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024