როგორც მოგეხსენებათ ხვალ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ კალენდარულ შეხვედრას ჩაატარებს შვეიცარიის გუნდთან. ახალგაზრდულ ნაკრებში სოსო ჭედიას მიერ გამოძახებული შვიდი დინამოელი ფეხბურთელიდან, მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე ახალგაზრდა ჯვაროსანთა რიგებს მხოლოდ ოთხი დინამოელიღა შემორჩა. ჯაბა ჯიღაური, თორნიკე ზარქუა და ლევან კაკუბავა ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარებიან. ირაკლი ლექვთაძე, ნიკა კვეკვესკირი, დავით ხოჭოლავა და გიორგი ნადირაძე კი შვეიცარიასთან გასამართი შეხვედრისთვის მზადებას განაგრძობენ. დღეს სოსო ჭედიას გუნდმა მატჩამდე უკანასკნელი ვარჯიში ჩაატარა. წვრთნაში ნაკრებში გამოძახებულმა ოთხივე დინამოელმა მიიღო მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა მიხეილ მესხის სტადიონზე თბილისის დროით 21:00-ზე დაიწყება.