• Geo
  • Eng
10.10.2011
სოსო გრიშიკაშვილი – ფეხბურთში შემთხვევით აღმოვჩნდი

სოსო გრიშიკაშვილი ზაფხულში დინამოს მეოთხედ დაუბრუნდა. საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში განვლილი საფეხბურთო კარიერის შესახებ გვიყვება. 
სოსო გრიშიკაშვილი – ფეხბურთში შემთხვევით აღმოვჩნდი, 17 წლის ვხდებოდი, როცა თელავში, ჩვენი მე-8 სკოლის გუნდმა, ჩოხელის თასის გათამაშების ფინალში, საფეხბურთო სკოლის გუნდს პენალტების სერიაში მოუგო. თელავის კახეთის მწვრთნელი თემურ ცერცვაძე ესწრებოდა თამაშს და მეორე დღეს კახეთის ვარჯიშზე დამიბარა. მეც სავარჯიშოდ კეტებით მივედი, მაშინ ბუცებიც არ მქონდა. კახეთის კარს ლიტველი არვიდას კონციავიჩუსი იცავდა. აქედან დაიწყო, წავიდა და წავიდა. არადა თავიდან თამაშის წესებიც არ ვიცოდი. ერთი ის ვიცოდი, რომ 7 მეტრიან კარში ბურთი არ უნდა გამეშვა და საჯარიმოს გარეთ ხელით არ უნდა მეთამაშა.
ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი ჩემს კარიერაში ალბათ ლატვიაში გამოსვლის დრო იყო. ვენტსპილს და პარალელურად ბელორუსის ნაკრებს, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი სერგეი ბოროვსკი წვრთნიდა. იგი ჩვენთვის მწვრთნელიც იყო და პედაგოგიც. ბევრი რამ ვისწავლე. არა მარტო მეკარეობა, დაზღვევა, კარნახი და ასე შემდეგ. ბოროვსკი ერთს მეუბნებოდა შეცდი და ითამაშე. იმ სეზონში ლატვიის საუკეთესო მეკარე და ლეგიონერი გავხდი.
დინამოში ზაფხულში მეოთხედ დავბრუნდი. პირველად 1992 წელს, რევაზ ძოძუაშვილმა მომიწვია. წინასწარი კონტრაქტიც დავდე. დინამოში ვვარჯიშობდი და თელავში ვთამაშობდი. შემდეგ პირველი ქართველი ვიყავი ალანიაში, შემდეგ უკვე შემომიერთდნენ შელია და რევიშვილი, მალე ყაველაშვილი. მეორედ დინამოში ალანიადან იჯარით დავბრუნდი და 1999-2003 წლები ვითამაშე. მესამედ 2005-ში ცხადაძის დროს დამიძახეს და ახლა ზაფხულში მეოთხედ დავუბრუნდი ჩემს მშობლიურ კლუბს. გუნდს, რომელიც რასაკვირველია განსაკუთრებით საყვარელია ჩემთვის.
ნაკრებში ძალიან უიღბლო დებიუტი მქონდა. კვიპროსში უნდა მეთამაშა პირველი მატჩი და შეხვედრის წინ, მოთელვაზე ფეხი მოვიტეხე. დებიუტი გადაიდო, შემდეგ 1997-ში ვითამაშე პირველად ესტონეთთან ამხანაგურ მატჩში. ალანიაში ყოფნის პერიოდში, ნაკრებში სათამაშოდ, ქართული პასპორტი ავიღე და რუსეთში ლეგიონერად ვითვლებოდი. მხოლოდ 3 ლეგიონერს ჰქონდა თამაშის უფლება და არსებული ლიმიტის გამო, მომიწია ალანიას დატოვება.
ცხადია 38 წლის ასაკში ძნელია იმყოფებოდე მუდმივად ფორმაში. ორგანიზმი ყოველთვის მკაცრ რეჟიმში უნდა იყოს. ახლა ვფიქრობ, რომ ბევრი რამ დავაკელი ფეხბურთს. დღევანდელივით პროფესიულად ვერ ვეკიდებოდი საქმეს.
დღევანდელი დინამო ახალგაზრდული გუნდია. გუნდი თვეებში ვერ იქმნება. ცხადია გარკვეული ცვლილებები ყოველთვის საჭიროა, მაგრამ ბირთვი უნდა არსებობდეს. დღეს დინამოში განსაკუთრებული პირობებია, შესანიშნავი ატმოსფერო, მეგობრული სიტუაცია ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს შორის. ახლა რა მოედანზეც ვარჯიშობთ, ადრე თამაში იყო სანატრელი. ძალიან მაგარი ბაზა კეთდება. მთავარია ახალგაზრდებმა ძალინ ბევრი იშრომონ, ძალიან მონდომებით იმუშავონ და შედეგიც აუცილებლად მოვა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024