• Geo
  • Eng
20.04.2019
დინამო VS ვიტ ჯორჯია - ურთიერთშეხვედრები

ხვალ დინამო ვიტ ჯორჯიას ეთამაშება. ეს გუნდები ერთმანეთს ზუსტად 4 წელია არ შეხვედრიან. ძველ მეტოქეებს შორის ჩატარებული მატჩები კი ყოველთვის გამოირჩევა დაძაბულობით და პრინციპულობით, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს. 51 ჩატარებულ შეხვედრაში 20 მატჩი დინამომ მოიგო, 12 შემთხვევაში იმარჯვა ვიტ ჯორჯიამ და 19 თამაში საყაიმო ანგარიშით დასრულდა. ბურთების შეფარდება დინამოს სასარგებლოდ არის- 64/40. აღსანიშნავია, რომ 10 შემთხვევაში უგოლო ფრე დაფიქსირდა, 1:0 კი ყველაზე პოპულარული ანგარიშია. ამ შედეგით 13 მატჩი დასრულდა. ოთხბურთიანი სხვაობით დინამომ 2000 წლის 25 ნოემბერს იმარჯვა. მეთორმეტე ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურში ჩატარებული მატჩი ჩვენმა გუნდმა ოთხი უპასუხო ბურთით მოიგო. დიდი სხვაობით, კი დინამო 2001 წლის 17 ნოემბერს, მეცამეტე ჩემპიონატის მეთექვსმეტე სათამაშო დღეს საკუთარ სტადიონზე ანგარიშით 2:5 დამარცხდა.

უკანასკნელი მატჩი, რომელიც დინამოსა და ვიტ ჯორჯიას შორის შედგა 2015 წლის 19 აპრილით თარიღდება. დინამო არენაზე გამართული პაექრობა მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა. გიორგი პაპუნაშვილმა დუბლი შეასრულა. ერთი გოლიც მათე ცინცაძემ გაიტანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024