• Geo
  • Eng
15.10.2011
16 ოქტომბერი დინამოს ისტორიაში

დინამო თბილისი 16 ოქტომბერს რუსთავის მეტალურგის წინააღმდეგ , მეცხრე ტურის შეხვედრას ჩაატარებს. ეს მატჩი დინამო არენაზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში 16 ოქტომბერს, დინამოს ოთხჯერ უასპარეზია. სამ შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, ერთხელ კი ფრე დაფიქსირდა. მეტოქეთა კარი დინამოელებს რვაჯერ დაულაშქრავთ, ხოლო საკუთარ კარში სამი ბურთი აქვთ გაშვებული. ერთადერთი ფრე დინამომ წინა ჩემპიონატში ითამაშა გორში, მეათე ტურში ცხინვალის სპარტაკის წინააღმდეგ და შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. 1999 წელს მეთერთმეტე ჩემპიონატის მერვე ტურში ბათუმის ბათუმს უმასპინძლეს და დაამარცხეს ანგარიშით 2–1. მეთექვსმეტე ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურში, რომელიც გაიმართა 2004 წელს, დინამომ ვიტ–ჯორჯიას უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშით 3–2 იმარჯვა. დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს თბილისელებმა 2005 წელს, მეჩვიდმეტე ჩემპიონატის მეცხრე ტურში, როდესაც შინ მიიღეს ბოლნისის სიონი და სამი უპასუხო გოლით დაამარცხეს.

ამ რიცხვში ასევე ოთხჯერ იასპარეზა დინამო თბილისმა სსრკ– ს ჩემპიონატში, შედეგი კი რადიკალურად განსხვავებულია. ერთი ფრე და სამი მარცხი, ხოლო ბურთების შეფარდება 4–7. 1959 წელს დონის როსტოვის სკვო– სთან სტუმრად, ანგარიშით 1–2 დამარცხდნენ. 1961 წელს კი მოსკოვში დამარცხდნენ ადგილობრივ ცსკა– თან მინიმალური ანგარიშით 0–1. ასევე მოსკოვში 1982 წელს ანგარიშით 1–2 იწვნიეს მარცხი მოსკოველი სეხნიებისგან. ერთადერთი ფრე კი 1987 წელს თბილისში გაახერხეს. მოსკოვის ტორპედოსთან შეხვედრა ფრიად საინტერესო გამოდგა და საყაიმო ანგარიშით 2–2 დასრულდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024