• Geo
  • Eng
19.02.2024
დინამომ შეკრება გამარჯვებით დაასრულა

დღეს დინამოელებმა თურქულ შეკრებაზე ბოლო, მეექვსე ტესტ მატჩი ჩაატარეს და დიდი ანგარიშით იმარჯვეს. თბილისელებს მეტოქეობა მოლდოვურმა ბელციმ გაუწია, ანგარიში კი შეკრების ბოლო შეხვედრაში დინამოელთა სასარგებლოდ 4-0 დაფიქსირდა. ლარაში გამართულ მატჩს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი - რამაზ სვანაძე დაესწრო.

 

შეხვედრა დინამოელთა აქტიურობით დაიწყო და შეიძლება ითქვას, რომ 90 წუთი მათივე სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში არაერთი საგოლე მომენტის მიუხედავად მოლდოველთა კარში მხოლოდ ერთი შედეგიანი დარტყმა განხორციელდა. დამატებაზე ზუსტად და ტექნიკურად ჩვენი გუნდის ფრანგი ნახევარმცველი დომინიკ საიმონი გაისარჯა, რომელმაც მეტოქის მეკარეს ბურთი თავზე გადაუგო 1-0. მეორე ტაიმში დედაქალაქელთა უპირატესობა უფრო თვალსაჩინო გახდა - ჯერ შეცვლაზე შემოსულმა დავით გოცირიძემ ვარდნაში თავით გაზარდა ანგარიში, შემდეგ კი ზუსტი დარტყმით სხვაობა სამამდე დინამოელთა ლიეტუველმა ლეგიონერმა დანიელ რომანოვსკი გაზარდა. შეხვედრას წერტილი სწრაფი დრიბლინგით და გამოზომილი დარტყმით კიდევ ერთმა ახალწვეულმა დაუსვა - მეოთხე გოლი გვატემალელი ოსკარ სანტისის ანგარიშზეა, რომელმაც მთელი მატჩი აქტიურად ჩაატარა და გოლის გარდა შედეგიანი ასისტით გამოირჩა. დინამომ 4-0 იმარჯვა და სამშობლოში ხვალ გამოემგზავრება.

 

ანდრეს კარასკოს გუნდი ჩემპიონატის დაწყებამდე დიღმის ბაზაზე მოემზადება, ხოლო პირველი ტურის შეხვედრას 2 მარტს, დინამო არენაზე, წყალტუბოს სამგურალის წინააღმდეგ გამართავს.

 

დინამო 4-0 ბელცი

 

დინამო: მაქაცარია, კალანდაძე, აკპუჯე, ჰარუნა, მაისურაძე, ოსიყმაშვილი, საიმონი, რომანოვსკი, სანტისი, სიხარულაშვია, სალია

შეცვლაზე შევიდნენ: სალუქვაძე, უგრეხელიძე, ლომინაძე, გოცორიძე, კვერენჩხილაძე

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024