ნიკა კვეკვსკირი მეტალურგთან მიღებული მესამე ყვითელი ბარათის გამო, ბაია – დინამოს ზუგდიდურ შეხვედრაში, მონაწილეობას ვერ მიიღებს. ნიკა დინამოში სწორედ ბაიადან გადმოვიდა და მისი აზრი მომავალ შეხვედრაზე საინტერესო იქნება.
ნიკა კვეკვესკირი - ძალიან მინდოდა, ამ შეხვედრაში თამაში, მაგრამ სამწუხაროდ დისკვალიფიკაციის გამო მატჩში მონაწილეობას ვერ მივიღებ, თუმცა რასაკვირველია დავესწრები შეხვედრას.
ჩემი აზრით, ბაიას პროგრესი იმის დამსახურებაა, რომ გუნდში ბაიას აკადემიის აღზრდილები გამოდიან. ისინი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ და ძალიან კარგად უგებენ ერთმანეთს. ბაიამ განვლილი სეზონის მეორე წრე უმაღლეს ლიგასთან ადაპტაციისთვის გამოიყენა და ახლა იმკიან შედეგს. ბაიას თავისუფლად შეუძლია პირველ რვა გუნდში მოხვედრა და ვფიქრობ, მინიმუმ საუკეთესო ხუთეულში მოხვედრისთვის იბრძოლებენ. მეტოქის მთავარი პლუსი ალბათ, გუნდური თამაშია. ყველა ფეხბურთელი ერთი სულისკვეთებით თამაშობს, რაც გუნდის მთავარი მწვრთნელის ელგუჯა ქომეთიანის დამსახურებაა.
ზუგდიდში ძალიან რთული შეხვედრა იქნება. ვფიქრობ, რომ ბაია დაცვაში არ ჩაჯდება და შეგვიტევს. ჩვენც თავისთავად შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ. მე სანახაობრივი და უხვგოლიანი შეხვერის მოლოდინში ვარ, რომელშიც ვიმედოვნებ გამარჯვებული დინამო დარჩება.