• Geo
  • Eng
26.06.2019
დინამო - სიონი | ურთიერთშეხვედრები

27 ივნისს ეროვნული პირველობის მეოცე ტურში დინამო ბოლნისის სიონს დაუპირისპირდება. შეხვედრა ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე 18.00 საათზე დაიწყება.

დღემდე ამ გუნდებს შორის ეროვნულ ასპარეზზე 63 შეხვედრა გაიმართა. ურთიერთშეხვედრებში დინამოელთა უპირატესობა აშკარაა – 50 მოგება, 5 ფრე და 8 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდებაც დედაქალაქელთა სასარგებლოდაა 155/38.

დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა 50 გამარჯვებიდან მეტოქე 20 შეხვედრაში დიდი ანგარიშით დაამარცხეს. აქედან აღსანიშნავია 1996 წელს გამართული მატჩი, რომელშიც ჩვენმა გუნდმა ბოლნისის სიონს 8:0 მოუგო. პოკერი გიორგი დემეტრაძემ შეასრულა, დუბლი ლევან ცქიტიშვილის ანგარიშზეა, ხოლო თითო გოლი ალექსანდრე იაშვილმა და ლევან ხომერიკმა გაიტანეს. ჩვენმა ფეხბურთელებმა სიონის კარში ამდენივე გოლი გაიტანეს 1998 წელსაც, თუმცა საპასუხოდ ერთი გოლი მიიღეს და დაპირისპირება დინამოს გამარჯვებით – 8:1 დასრულდა. ლევან ხომერიკმა, რატი ალექსიძემ და გიორგი შენგელიამ ორ-ორი გოლი გაუტანეს სიონს. თითო ზუსტი დარტყმა ლევან ცქიტიშვილის და გიორგი მიქაძის ანგარიშზეა. ყველაზე დიდი სხვაობით დინამომ ბოლნისის სიონი 2000 წელს დაამარცხა, ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 9:0 სძლია. დინამო არენაზე გამართულ მატჩში რობერტ ზირაქიშვილმა და გიორგი მიქაძემ ჰეთ თრიქი შეასრულეს. დუბლი დავით დათვაძემ გაიფორმა და ერთი გოლიც სანდრო გადელიამ შეაგდო.

დინამო თბილისისა და ბოლნისის სიონის ბოლო დაპირისპირება 2019 წლის 4 მაისს შედგა. თბილისში, დინამო არენაზე გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 5:1 დასრულდა. ლევან კუტალიას დუბლს თითო გოლი გიორგი პაპავამ, ბაქარ ქარდავამ და ვიქტორ მონხილმა გაიტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024