• Geo
  • Eng
23.06.2019
მიჯრით მეხუთე გამარჯვება

დინამო არენაზე ეროვნული პირველობის მე- 19 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამოელებმა საჩხერის ჩიხურას უმასპინძლეს. პირველი საგოლე მომენტი მერვე წუთზე მასპინძლებმა შექმნეს. მარჯვენა ფრთაზე გამწესებულმა ნოდარ იაშვილმა საჯარიმოში ჩააწოდა, ახლო მანძილიდან კი ლევან კუტალიამ მეკარეს გაარტყა ბურთი. მომდევნო შეტევაში ისევ ჩვენი გუნდის ფორვარდის დარტყმა ამჯერად მცველმა უკუაგდო. მე- 15 წუთზე ლევან შენგელიას სოლო რეიდი და დარტყმა დინო ჰამზიჩმა ბოლო წამს მოიგერია, მანვე მომდევნო მომენტში ნიკა ნინუას შორიდან დარტყმული უკუაგდო. მატჩის 28- ე წუთზე თბილისელთა უკრაინელმა მცველმა ოლექსანდრ კაპლიენკომ დინამო არენაზე სადებიუტო შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე დავით კობოური შევიდა. ისევ დინამოელთა შეტევა და 37- ე წუთზე სტუმრები ორჯერ მიჯრით გადაურჩნენ გოლს. ჯერ ჩიხურას მეკარემ ვიქტორ მონხილის ძლიერი საჯარიმო კუთხურზე უკუაგდო, შემდეგ კი აბდელ მეჯუბის თავური ზევიდან გადაცდა საჩხერელთა კარს. მეორე ტაიმი გუნდებმა შედარებით დაბალ რიტმში დაიწყეს. მეორე ტაიმის შუაში გუნდებმა ორი საგოლე მომენტი უშედეგოდ გაცვალეს. მე- 80 წუთზე დინამოელთა სწრაფი შეტევა მეტოქემ ჯარიმით შეაჩერა, საჯარიმო დარტყმა კი უზადოდ ნიკა ნინუამ შეასრულა და დინამოც დაწინაურდა 1:0. ამის შემდეგ მეორე ყვითელი ბარათი შოთა კაშიამ მიიღო, რამდენიმე წუთში კი ნიკა ნინუამაც და დატოვა მოედანი. საბოლოოდ დინამომ მიჯრით მეხუთე გამარჯვება მოიპოვა და პირველადგილოსანთან 4 ქულამდე შეამცირა სხვაობა. შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 27 ივნისს ბოლნისში, ადგილობრივ სიონთან გამართავს.

 

დინამო  1:0  ჩიხურა

გოლი: 1:0 ნინუა 80’ 

გაფრთხილება: ჩიკვაიძე 43’  ნინუა 46’ 89’  კაშია 79’ 87’

გაძევება: კაშია 87’  ნინუა 89’

 

დინამო: პერალესი, იაშვილი, მონხილი, მეჯუბი, კაპლიენკო (კობოური 28), ივანისენია (ქარდავა 60), პაპავა (კუხიანიძე 52), ნინუა, შენგელია, შულაია, კუტალია

ჩიხურა: ჰამზიცი, მამასახლისი (იონანიძე 84), მარკოზაშვილი, მაისაშვილი, მახარობლიძე, კორიფაძე, დეკანოიძე (ფანცულაია 72), სარდალიშვილი, ჩიკვაიძე (ჩიხლაძე 51), მეგრელიშვილი, კაშია

 

მსაჯი: ტ. რუხაია

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024