• Geo
  • Eng
28.05.2019
გამარჯვება რუსთავში

დღეს რუსთავში ტექნიკური ცენტრის მოედანზე საქართველოს პირველობის მე- 16 ტურის შეხვედრა გიმართა, რომელშიც რუსთავმა დინამო თბილისს უმასპინძლა. დედაქალაქელები მაყურებლის წინაშე პირველად წარდგნენ ახალი გენერალური სპონსორის - betlive.com წარწერიანი მაისურებით. თავიდანვე აღსანიშნავია, რომ შეხვედრამ გაამართლა ტრიბუნაზე მოსული გულშემატკივრების იმედი და ორივე ტაიმი თვალსასეიროდ, დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. დებიუტში მასპინძლებს ჰქონდათ სწრაფი შეტევა, რომელიც საბოლოოდ ხოსე პერალესმა განმუხტა, შემდეგ კი სტუმრებს მიჯრით ორჯერ არ გაუმართლათ. აკაკი შულაიას და ლევან კუტალიას ბოლო მომენტში მცველებმა დაასწრეს. 32- ე წუთზე ლევან შენგელიას გადაცემით ჩვენი გუნდის ბომბარდირმა ლევან კუტალიამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. პირველი ტაიმის ბოლოს დინამო ორჯერ გადაურჩა ხიფათს. პირველ შემთხვევაში ძელმა იხსნა თბილისელთა კარი, მეორედ კი ესპანელმა გოლკიპერმა. მეორე ნახევარში პირველი სახიფათო მომენტი ისევ მასპინძლებმა მიიწერეს. შეტევის მარჯვენა ფრთიდან სახიფათო ჩაწოდებას რუსთაველთა შემტევი ვერ შეწვდა. ტაიმის შუაში დმიტრო ივანისენიას მართებდა გოლის გატანა, მაგრამ ხელსაყრელი სიტუაციიდან ოდნავ არაზუსტად გაისარჯა, ცოტახანში მანვე მეორე მომენტი გაუშვა ხელიდან. რუსთაველთა ორი სახიფათო შეტევიდან, ერთი აბდელ მეჯუბმა მოიგერია, მეორე კი ჯერ ხოსე პერალესმა, შემდეგ კი დინამოელთა კარის ძელმა. ბოლო წუთებზე გიორგი ზარია ამწვავებდა თამაშს, მაგრამ ზუსტი დარტყმა არც მას გამოუვიდა. საბოლოოდ დინამომ მორიგი 3 ქულა აიღო, შემდეგ მატჩს კი 1 ივნისს გორში, ადგილობრივ დილასთან გამართავს.

 

რუსთავი  0:1  დინამო

 

გოლი: 0:1 კუტლია 32’

გაფრთხილება: შენგელია 29’

 

რუსთავი: კულუა, ჩოგაძე, გისტაროვი, კაპანაძე, სილაგაძე, ციცქიშვილი, გუჯაბიძე, ყიფიანი, ტაკულოვი, ბუგულოვი, ფონიავა

დინამო: პერალესი, რუხაია, მეჯუბი, მონხილი, იაშვილი, პაპავა, ივანისენია, ნინუა, შულაია, შენგელია, კუტალია

 

მსაჯი: დ. ხარიტონაშვილი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024