• Geo
  • Eng
28.05.2019
რუსთავი - დინამო | მატჩამდე

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეთექვსმეტე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი რუსთავში გამართავს. მატჩი 19.00 საათზე დაიწყება.

 

 

ჩვენი მეტოქე

საფეხბურთო კლუბი რუსთავი 2015 წელს დაარსდა. გუნდის სიმბოლიკა წითელ, თეთრ და შავ ფერებშია გადაწყვეტილი. 2016 წლის გარდამავალ სეზონში რუსთაველებმა წარმატებით გაიარეს პირველი ლიგის მარათონი და 2017 წელს ეროვნული ლიგა 2- ში იასპარეზეს. რუსთაველებმა ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულეს და ეროვნული ლიგის საგზურიც მოიპოვეს. გუნდმა 36 ჩატარებული მატჩიდან 26 მოიგო, 5- ჯერ ფრედ ითამაშა და 5- ჯერ დამარცხდა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 72/25 ჰქონდა ლიგა 2- ის ჩემპიონს. ეროვნული ლიგა 2- ში გამარჯვების შემდეგ კლუბში დიდი ცვლილებები მოხდა. რუსთავში არაერთი ახალი ფეხბურთელი მივიდა და ასევე სამწვრთნელო შტაბიც შეიცვალა. მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშებაში რუსთავს ბადრი კვარაცხელია თავკაცობს. ფოლადის სტადიონის რეაბილიტაციამდე რუსთავი საშინაო შეხვედრებს საკუთარ ქალაქში სფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მოედანზე ატარებს.

მიმდინარე სეზონში რუსთავში იჯარის წესით 2 დინამოელი - მეკარე გიორგი მამარდაშვილი და ნახევარმცველი პაატა კიტეიშვილი ასპარეზობს. დასრულებული 2018 წლის სეზონის შემდეგ დინამოდან რუსთავში საფეხბურთო კარიერა ლაშა ქოჩლაძემ გააგრძელა, ხოლო დედაქალაქურ კლუბს რუსთავიდან გიორგი პაპავა დაუბრუნდა.

 

 

მწვრთნელი

აპრილის თვიდან მოყოლებული გუნდს ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი ვარლამ კილასონია ხელმღვანელობს. მისი გუნდი ჩატარებული 15 ტურის შემდეგ დაგროვებული 11 ქულით სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზე იმყოფება.

 

 

ურთიერთშეხვედრები

დინამო და რუსთავი ეროვნულ ჩემპიონატში ერთმანეთს აქამდე მხოლოდ ხუთჯერ შეხვდნენ. 2018 წლის პირველობის პირველ ტურში დინამო არენაზე რუსთაველებმა 2:1 იმარჯვეს. გოლი რუსთაველთა კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმით ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. 6 მაისს დინამომ აკაკი შულაიას და ოთარ კიტეიშვილის გოლებით 2:0 მოიგო, ხოლო 3 აგვისტოს დინამომ 2:1 იმარჯვა. შედეგიანად აკაკი შულაიამ და ნიკა ნინუამ ითამაშეს. შემდეგ დინამო რუსთავს 7 ოქტომბერს შეხვდა და სამი უპასუხო გოლით დაამარცხა მეტოქე. აკაკი შულაიას გოლს დუბლი ბუდუ ზივზივაძემ მიამატა. 2019 წლის სეზონში 7 აპრილს გამართული მატჩი ლურჯ-თეთრებმა 3:1 მოიგეს. ლევან შენგელიამ დუბლი გაიფორმა, ერთი გოლი აკაკი შულაიას ანგარიშზეა.

 

 

მსაჯი და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

შეხვედრას დავით ხარიტონაშვილი წარუძღვება. მას ასისტენტობას დ. ჩიგოგიძე და დ. გაბისონია გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ა. აფციაური იქნება. დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას რუსთავის ფეხბურთელები ლაშა ქოჩლაძე და ლუკა გადრანი გამოტოვებენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024