• Geo
  • Eng
17.11.2011
დინამო არენა - ახალი მოედნით და ახალი ნათებით

20 ნოემბერს, საქართველოს ჩემპიონატის მე-14 ტურში დინამოელები ქუთაისის ტორპედოს მიიღებენ. ამ შეხვედრას ჩვენი გუნდი დინამო არენაზე გამართავს. სტადიონზე სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია. დაიგო მოედნის ახალი საფარი, დამონტაჟდა განათების ახალი პროჟექტორები, დაიდგა ახალი გენერატორი.  ჩატარებული სამუშაობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად დინამო არენას ვეწვიეთ.

სანდრო შახოვი (დინამო არენის დირექტორი) - მოგეხსენებათ სექტემბრის თვეში სტადიონი საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისს გადაეცა. კლუბმა ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაზე გააკეთა აქცენტი. კარგია, რომ ინვესტიციები იდება და არენა თანამედროვე სახეს მიიღებს. დინამო არენაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. გამოიცვალა მოედნის საფარი, რომელიც სპეციალურად ჩვენი კლიმატური პირობებისთვის იქნა შერჩეული. ამიერიდან დინამო არენაზე შეგვიძლია უმაღლესი დონის მატჩების მასპინძლობა. ჩვენ შევცვალეთ განათების სისტემა, დამონტაჟდა ახალი 2000 ლუქსიანი პროჟექტორები. ზამთარში, როდესაც ჩვენს ჩემპიონატში პაუზა გამოცხადდება, კვლავ იგეგმება სარეკონსტრუქციო სამუშაოების გაგრძელება, რის შესახებაც გულშემატკივართათვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

დავით ენდელაძე (შპს. გრინტექსის წარმომადგენელი) - მას შემდეგ რაც სტადიონი საფეხბურთო კლუბ დინამოს გადაეცა, მოედნის საფრის შეცვლის სურვილიც გაჩნდა. ერთობლივი კონსულტაციების შემდეგ აირჩა ბალახის ის სახეობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის კლიმატურ პირობებთან თავსებადი გახლავთ. დინამო არენის მსგავსად მსგავსი ტიპის საფარი დაგებულია დინამო კიევისა და დონეცკის შახტარის სტადიონებზეც. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთივე ტიპის საფარი იქნება ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც პოლონეთ-უკრაინაში 2012 წელს გაიმართება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024