• Geo
  • Eng
18.11.2011
დინამოს ერთ-ერთი სპონსორი გალფ-ჯორჯია იქნება

ჩვენმა კლუბმა  საზოგადოებას დღეს კიდევ ერთი ახალი სპონსორი წარუდგინა. დინამოს ერთ-ერთი სპონსორი, ცნობილი ბრენდი გალფ-ჯორჯია იქნება. ხელშეკრულების ხანგრძლიობა ერთი წლით განისაზღვრა და ამ პერიოდის განმავლობაში დინამოელთა სათამაშო მაისურის მარჯვენა მკლავს გალფის ლოგო დაამშვენებს.

კონტრაქტს ხელი ჩვენი კლუბის დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა და გალფ-ჯორჯიას ფინანსურმა მენეჯერმა გურამ გოგიშვილმა მოაწერეს. მოგეხსენებათ გალფის სახელის მსოფლიოში დამკვიდრებას, დიდად შეუწყო ხელი კომპანიის აქტიურ ჩართულობას სპორტულ ცხოვრებაში. გვჯერა, რომ დინამოსა და გალფის თანამშრომლობა, ორივე ბრენდს დაეხმარება საკუთარ სეგმენტში ერთპიროვნული ლიდერის სტატუსის გამყარებაში. დინამოსაც და გალფსაც  ამას უპირველესყოვლისა დიდი ისტორია და ტრადიციები ავალდებულებენ. საინტერესოა, რომ ჩვენი პარტნიორი კომპანიის ერთ-ერთ სახეს ვეტერანი დინამოელი არჩილ არველაძე წარმოადგენს.                                       

ზურაბ პოლოლიკაშვილი  - მინდა გალფს წარმატებები ვუსურვო, როგორც იცით რამდენიმე თვეა ეს კომპანია აქტიურად მუშაობს ქართულ ბაზარზე და მოხარულნი ვართ, რომ  დინამოს მიმართ მათ ინტერესები გამოიჩინეს. მას შემდეგ, რაც ჩვენ კლუბში მსხვილი ინვესტიციების განხორციელება დაიწყო, ჩვენთან თანამშრომლობა არაერთმა დიდმა კომპანიამ ისურვა და მათ შორის ერთ-ერთი გალფი არის. როდესაც პარტნიორ ორგანიზაციებს ვეძებთ, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ კონტრაქტის ღირებულებას არ ვუყურებთ, ჩვენთვის მთავარი მიზანი არის სტადიონზე გულშემატკივრის მოყვანა, გალფს საკმაოდ ფართო სავაჭრო ქსელი გააჩნია, რის გამოყენებასაც  სხვადასხვა პროექტების მეშვეობით სტადიონზე მაყურებლის მოსაზიდად გამოვიყენებთ.  ვფიქრობ გალფთან თანამშრომლობა ამ მხრივ ძალიან წაგვადგება. ამავდროულად ის მაყურებელი რომელიც დინამოს თამაშს დაესწრება, გალფის პოტენციური მომხმარებელი ხდება, ეს ფაქტორი კი ორივე მხარეს გაგვაძლიერებს. ჩვენ არაერთი პროექტი გვაქვს სტადიონზე ხალხის მოსაზიდად.  

გურამ გოგიშვილი - გალფ ჯორჯია სპორტის აქტიურ მხარდაჭერას განაგრძობს. დღეს ყველაზე სახელგანთქმული და ტიტულოვანი კლუბის სპონსორი ვხდებით. ჩვენი მიზანი საქართველოში ფეხბურთის პოპულარიზაცია გახლავთ, სწორედ აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ  აქცენტი დინამოზე აგვეღო. ვფიქრობთ, რომ ბიზნესი აქტიურ მხარდაჭერას უნდა უცხადებდეს სპორტს, ჩვენი პრიორიტეტი ჯანმრთელი ცხოვრების წესია, ამიტომაც აქტიურად ვართ ჩართულნი სპორტულ ცხოვრებაში. მოხარულნი ვართ, რომ პარტნიორობა შედგა. რაც შეიძლება მეტი ადამიანი გვსურს მოვიზიდოთ სტადიონზე.   

არჩილ არველაძე - ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა, როდესაც ასეთ ლეგენდარულ გუნდი და ასეთი წარმატებული კომპანია ერთმანეთთან ითანამშრომლებენ. ასევე, როგორც აღინიშნა ქართული სპორტის განვითარებისთვის, ეს იქნება ერთ-ერთი ის მაგალითი, რომ სხვა წარმატებული კომპანიებიც დაფიქრდებიან ქართულ სპორტში ინვესტიციების ჩადებით.

ლევან ღვინიანიძე (დინამოს მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი)  - დინამოს სათამაშო ფორმის მარჯვენა მკლავზე გამოჩნდება გალფის ლოგო. გალფი სპორტულ სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე კომპანიაა. ავტორბოლებსა თუ სხვა სახის სპორტის სახეობებში ამ კომპანიას სათანადო გამოცდილება აქვს.  ორივე მხარეს, ვგულიხმობ, დინამო თბილისსა და გალფს, ჩვენი ტრადიციები გვავალდებულებს, რომ საკუთარ სეგმენტში შევინარჩუნოთ ლიდერის სტატუსი და განვიმტკიცოთ არსებული პოზიციები.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024