გაზეთმა ოლიმპმა საქართველოს ჩემპიონატის მე-14 ტურის სიმბოლურ ნაკრებში 4 დინამოელი შეიყვანა: გიორგი რეხვიაშვილი, გიორგი კახელიშვილი, მიკელ ალვარო და ჩისკო. გაზეთ ლელოს რჩეულთა შორის კი 5 დინამოელია: დავით ოდიკაძე, გულვერდ თომაშვილი, მიკელ ალვარო, ჯაბა ჯიღაური და ჩისკო. ორივე გამოცემამ ტურის მწვრთნელად ჩვენი გუნდის ესპანელი დამრიგებელი ალექს გარსია დაასახელა.
გთავაზობთ ამონარიდს გაზეთ ლელოს ჟურნალისტის, გია ტუხაშვილის განვლილი ტურის მიმოხილვიდან. დინამო - ტორპედოს მატჩის თვითმხილველნი დაგვეთანხმებიან, რომ მასპინძლებს ბევრად უფრო შთამბეჭდავი ანგარიშითაც შეეძლოთ მოეგოთ და ასე რომ არ მოხდა, ქუთაისელთა გუნდის 27 წლის მეკარის, ომარ მიგინეიშვილის დამსახურებაა.
მშვენიერი საფეხბურთო გარემო, მართლაც ჩინებული მოედნის საფარი, ძველი და პრინციპული მეტოქეების დაპირისპირება, - მატჩისადმი ინტერესს სხვა ბევრი ფაქტორიც განაპირობებდა; არ დავმალავთ და ასეთ შეხვედრას ბევრად უფრო მეტი გულშემატკივარიც მოუხდებოდა, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ეს შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარდაო.
ამ ზაფხულს, დინამო რომ ევროტურნირებზე მონაწილეობდა, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი გუნდის მონაწილეობით რამდენიმე კარგი თამაში ვნახეთ; თუმცა, დინამოელებმა კვირას, უდავოდ საუკეთესო მატჩი ჩაატარეს ალექს გარსიას ხელმძღვანელობით (განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი მეორე ტაიმი იყო) და ზეაგრესიულ-ზეაქტიური თამაშით მეტოქის ფეხბურთელებს უამრავი შეცდომაც დააშვებინეს. მასპინძელთა უპირატესობა მხოლოდ აურაცხელ სახიფათო მომენტებში არ გამოიხატებოდა: დინამო ფლანგებიდანაც ავიწროებდა მეტოქეს, მოედნის ცენტშიც დაჯაბნა და თითქმის ყველა სტანდარტული ხომ ხიფათის მომსწავებელი იყო ხოლმე.
თითქმის ყველა დინამოელმა ჩინებულად ითამაშა, თუმცა ორი ნახევარმცველის ენერგიული და უაღრესად სასარგებლო ბურთაობა ცალკე აღნიშვნის ღირსია: 28 წლის მიკელ ალვაროსა და 19 წლის ჯაბა ჯიღაურს ვგულისხმობთ. ისე, ალვაროს ერთი გოლი ალალად ეკუთვნოდა, მაგრამ მის დარტყმებს ხან მიგინეიშვილი ეღობებოდა, ხან კიდევ სტუმართა კარის ძელი თუ ხარიხა.
სხვათა შორის, ამ მარცხით შეწყდა კიდეც ტორპედოს ხანგრძლივი (რვამატჩიანი) წაუგებელი სერია, 21 სექტემბერს რომ დაიწყო. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ქუთაისელებმა ეს სერია სწორედ დინამოსთან გამარჯვებით დაიწყეს.