• Geo
  • Eng
04.08.2019
4 აგვისტო დინამოს ისტორიაში

4 აგვისტოს ჩვენი გუნდი ეროვნულ პირველობას განაახლებს. დინამოს მეტოქეობას თანაქალაქელი ლოკომოტივი გაუწევს, თბილისური დერბი 21.00 საათზე მიხეილ მესხი 2- ზე დაიწყება.

4 აგვისტოს დინამოს თავის ისტორიაში ცხრა ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული, შვიდი სსრკ- ს პირველობაზე და ორიც ეროვნულ ჩემპიონატში. ხუთი მოგება, ორი ფრე და ორიც მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 21/13 თბილისელთა სასარგებლოდ.

1947 წელს ჩვენმა გუნდმა მოსკოვში კრილია სოვეტოვს 2:0 მოუგო. გოლები გავრო ბოგატელომ და ბასა ღოღობერიძემ გაიტანეს. მომდევნო წელს გაიოზ ჯეჯელავას გოლით დინამომ მეორედაც დაამარცხა იგივე გუნდი. 1950 წელს დინამო დიდი ანგარიშით 1:5 დამარცხდა მოსკოვის ვვს- თან. გოლი ბორის პაიჭაძის ანგარიშზეა. იმავე ანგარიშით დამარცხდა დინამო ცსკა- თან 1958 წელს. ერთადერთი გოლი მოსკოველთა კარში ბასა ღოღობერიძემ შეაგდო. მანამდე 1954 წელს ჩვენმა გუნდმა 7:1 ხარკოვის ლოკომოტივი დაჯაბნა. ნიკო ცაგარეიშვილმა ჰეთ თრიქი შეასრულა, ბორის ხასაიამ დუბლი, თითო გოლი კი კონსტანტინე გაგნიძემ და ბასა ღოღობერიძემ გაიტანეს. 1981 წელს დინამომ მოსკოვში თანაკლუბელებთან ფრედ 1:1 ითამაშა. ბურთი საკუთარ კარში სერგეი ნიკულინმა ჩაჭრა. 1988 წელს ოდესის ჩერნომორეცი მივიღეთ და გრიგოლ ცაავასა და ზაზა რევიშვილის ზუსტი თამაშით 2:0 ვაჯობეთ.

2001 წელს ეროვნულ ჩემპიონატში დინამოსა და რუსთავის გორდას დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. თავი მიხეილ ბობოხიძემ გამოიჩინა. 2017 წელს ჩვენმა გუნდმა გორის დილას უმასპინძლა და 5 უპასუხო გოლიტ დაჯაბნა მეტოქე. გიორგი ჩაკვეტაძემ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ბაქარ ქარდავამ, ბექა მიქელთაძემ და ლაშა ქოჩლაძემ გაიტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024