დინამოში 30 წლის ესპანელი ფორვარდი- რაფა ჯორდა ჩაირიცხა. განვლილი სეზონის მეორე ნახევარი ჯორდამ იტალიის სერია B-ს სიენაში გაატარა. ჯორდას საფეხბურთო კარიერის პირველ ეტაპზე ჯერ ვალენსიას ახალგაზრდული გუნდი, შემდეგ კი ნუმანსია იყო. მერე იყო ბენიდორმი, ალიკანტე, ერკულესი და 2 სეზონი ლევანტეში, საიდანაც ჯორდა ჩინურ გუიჩჯოუ ჟენხეში გადავიდა, სადაც თასის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი და თასის მფლობელი გახდა. ჯორდას კატალონიის ნაკრებშიც აქვს ნათამაშები.
რაფა ჯორდა - სასიამოვნოა, რომ დინამოს წევრი გავხდი. გუნდის შესახებ ინფორმაციას ჩისკოსგან ვფლობ. მასთან ერთად ლევანტეში ვთამაშობდი. ჩისკომ საუკეთესოდ დამიხასიათა დინამო, კლუბის ინფრასტრუქტურა, აქაური გარემო, ხალხი. ყველანაირად ვარ მომართული ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენო.