დინამო არენაზე გამართული მეთექვსმეტე ტურის შეხვედრა ჩვენი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით დამთავრდა, დინამომ გორის დილა 2–0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ალექს გარსია და თემურ მახარაძე ჟურნალისტთა წინაშე წარსდგნენ.
ალექს გარსია - პირველ რიგში, ჩვენი გუნდის სახელით, ტრავმირებულ ლევან კაკუბავას მსურს მივულოცო ეს გამარჯვება, რომელიც შინიდან ადევნებდა დღევანდელი შეხვედრის რეპორტაჟს თვალ-ყურს. რაც შეეხება თამაშს, გეტყვით, რომ ჩვენმა გუნდმა დღეს ორი განსახვავებული ტაიმი ითამაშა. პირველ ტაიმში მოედანზე თამაშის მოსაგებად გავედით, მეორე ნახევარში კი ბურთის დაჭერაზე გავაკეთეთ აქცენტი. საბოლოოდ შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით დასრულდა და მორიგი სამი ქულა შევმატეთ ჩვენს მარაგს.
თემურ მახარაძე - მინდა დინამოს მივულოცო ეს გამარჯვება. მეტოქემ პირველ ნახევარში საგრძნობლად გვაჯობა, სამწუხაროდ ორი უხეში შეცდომა დავუშვით და ამის გამო დავისაჯეთ კიდეც. ბოლო ორი შეხვედრაა დინამო რადიკალურად განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს და იოლად ახერხებს მეტოქეთა დამარცხებას. რაც შეეხება დილას, ბევრი სამუშაო გვმართებს. დასახულ მიზნებს მისაღწევად ყოველდღიური მუშაობა გვჭირდება.