• Geo
  • Eng
01.08.2019
დინამომ გაბალას მეორეც მოუგო

დინამო არენაზე უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი შედგა, რომელშიც დინამომ გაბალას უმასპინძლა. თბილისელებს პირველი შეხვედრა 2:0 ჰქონდათ მოგებული და თავიდანვე ვიტყვით, რომ სტადიონზე მისული გულშემატკივარი არც საპასუხო მატჩში გააწბილეს. შეხვედრა თბილისელთა აქტიურობით დაიწყო და საწყის წუთებში სტუმართა კარი ორჯერ გადაურჩა გაშვებულ გოლს. ჯერ გიორგი კუხიანიძის დარტყმულს ბოლო წამს მცველი გადაეფარა, შემდეგ კი მეკარემ ლევან შენგელიას ტექნიკური გასოლა მოიგერია. დინამოელებმა პირველ ტაიმში არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა გოლამდე საქმე არ მისულა. მეტოქეს ერთი სახიფათო კონტრშეტევა გამოუვიდა, თითქმის კარის ხაზიდან კი შემტევმა ვერ ივარგა, შეიძლება ითქვას, რომ ეს გაბალას ერთადერთი სახიფათო მომენტი გამოდგა. მეორე ტაიმში დინამომ უფრო აქტიურად განაგრძო თამაში და ბურთის ფლობაც. საბოლოოდ ანგარიში ლევან შენგელიამ ულამაზესი სოლო რეიდის შემდეგ გახსნა. მანვე შეხვედრის ბოლოსკენ ტექნიკური დარტყმით ანგარიში 2:0 გახადა. შეცვლაზე შემოსული კვამე კარიკარი კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ტექნიკურად გაცდა მცველებს და მახვილი კუთხიდან უძლიერესი დარტყმით სადებიუტო გოლის ავტორი გახდა. დინამომ 3:0 დაჯაბნა მეტოქე და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე როტერდამის ფეიენოორდს დაუპირისპირდება. მომდევნო მატჩს კი ჩვენი გუნდი 4 აგვისტოს ლოკომოტივთან ჩაატარებს.

 

დინამო  3:0  გაბალა

 

გოლი: 1:0 შენგელია 68’  2:0 შენგელია 88’  3:0 კარიკარი 90+2’

გაფრთხილება: მოხილი 28’  ალიევი 46’  რამალდანოვი 54’ 

 

დინამო: პერალესი, იაშვილი, მონხილი, კობოური, ქიმაძე, ნინუა, პაპავა, კუხიანიძე, ქავთარაძე, შენგელია, კუტალია

გაბალა: ნაზაროვი, სეიდიევი, ჟუნიჩი, რამალდანოვი, ალიევი, ბაუკი, მამედოვი, ლოპესი, გიგაური, ვოლკოვი, კუაკუ

 

მსაჯი: პეტრი ვილიანენი (ფინეთი)

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024