ეროვნული ლიგის 34- ე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი რუსთავთან გამართავს. მატჩი რუსთავში 14.00 საათზე დაიწყება.
ჩვენი მეტოქე
საფეხბურთო კლუბი რუსთავი 2015 წელს დაარსდა. გუნდის სიმბოლიკა წითელ, თეთრ და შავ ფერებშია გადაწყვეტილი. 2016 წლის გარდამავალ სეზონში რუსთაველებმა წარმატებით გაიარეს პირველი ლიგის მარათონი და 2017 წელს ეროვნული ლიგა 2- ში იასპარეზეს. რუსთაველებმა ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულეს და ეროვნული ლიგის საგზურიც მოიპოვეს. გუნდმა 36 ჩატარებული მატჩიდან 26 მოიგო, 5- ჯერ ფრედ ითამაშა და 5- ჯერ დამარცხდა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 72/25 ჰქონდა ლიგა 2- ის ჩემპიონს. ეროვნული ლიგა 2- ში გამარჯვების შემდეგ კლუბში დიდი ცვლილებები მოხდა. რუსთავში არაერთი ახალი ფეხბურთელი მივიდა და ასევე სამწვრთნელო შტაბიც შეიცვალა. მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშებაში რუსთავს ბადრი კვარაცხელია თავკაცობს. ფოლადის სტადიონის რეაბილიტაციამდე რუსთავი საშინაო შეხვედრებს საკუთარ ქალაქში სფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მოედანზე ატარებს.
მიმდინარე სეზონში რუსთავში იჯარის წესით 2 დინამოელი - მეკარე გიორგი მამარდაშვილი და ნახევარმცველი პაატა კიტეიშვილი ასპარეზობს. დასრულებული 2018 წლის სეზონის შემდეგ დინამოდან რუსთავში საფეხბურთო კარიერა ლაშა ქოჩლაძემ გააგრძელა, ხოლო დედაქალაქურ კლუბს რუსთავიდან გიორგი პაპავა დაუბრუნდა.
მწვრთნელი
აპრილის თვიდან მოყოლებული რუსთავის გუნდს ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი ვარლამ კილასონია ხელმღვანელობს. მისი გუნდი ჩატარებული 33 ტურის შემდეგ დაგროვებული 37 ქულით სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზე იმყოფება.
ურთიერთშეხვედრები
დინამო და რუსთავი ეროვნულ ჩემპიონატში ერთმანეთს აქამდე შვიდჯერ შეხვდნენ. აქედან ხუთი მატჩი დედაქალაქელებმა მოიგეს, ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა და ერთხელ მეტოქემ იმარჯვა. 2018 წლის პირველობის პირველ ტურში დინამო არენაზე რუსთაველებმა 2:1 იმარჯვეს. გოლი რუსთაველთა კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმით ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. 6 მაისს დინამომ აკაკი შულაიას და ოთარ კიტეიშვილის გოლებით 2:0 მოიგო, ხოლო 3 აგვისტოს დინამომ 2:1 იმარჯვა. შედეგიანად აკაკი შულაიამ და ნიკა ნინუამ ითამაშეს. შემდეგ დინამო რუსთავს 7 ოქტომბერს შეხვდა და სამი უპასუხო გოლით დაამარცხა მეტოქე. აკაკი შულაიას გოლს დუბლი ბუდუ ზივზივაძემ მიამატა. 2019 წლის სეზონში 7 აპრილს გამართული მატჩი ლურჯ-თეთრებმა 3:1 მოიგეს. ლევან შენგელიამ დუბლი გაიფორმა, ერთი გოლი აკაკი შულაიას ანგარიშზეა. 28 მაისს მატჩი რუსთავში შედგა და ლევან კუტალიას გოლით დედაქალაქელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ბოლოს ეს გუნდები 25 აგვისტოს დინამო არენაზე შეხვდნენ, პაექრობა კი ფრედ 2:2 დასრულდა. გოლები რუსთავლეთა კარში ლევან შენგელიამ და ნიკა ნინუამ გაიტანეს.
მსაჯი და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
შეხვედრას ტარიელ რუხაია წარუძღვება. მას ასისტენტობას დ. გაბისონია და ზ. მენთეშაშვილი გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები ი. ხერხაძე და ა. აფციაური იქნებიან. მეოთხე მსაჯი გ. ვადაჭკორია იქნება. დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას ფეხბურთელები არ გამოტოვებენ.