• Geo
  • Eng
23.12.2011
პრესკონფერენცია დინამო არენაზე

დღეს, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე ჩვენი კლუბის წარმომადგენლები ჟურნალისტებს შეხვდნენ. საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტთა წინაშე ჩვენი გუნდის სპორტული დირექტორი, გიორგი ნემსაძე და პიარ–მენეჯერი, ლაშა დვალიშვილი წარსდგნენ.

გიორგი ნემსაძე - დღევანდელი შეხვედრაზე გვსურდა ყველა კითხვისთვის პასუხის გაცემა, რომელიც ამ ბოლო დროს სხვადასხვა მედია საშუალების მიერი იქნა დასმული. რა თქმა უნდა გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგებით არ ვართ კმაყოფილნი, ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ზესტაფონთან სავარაუდოდ 12 ქულიანი ჩამორჩენა გვექნება, ეს მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელი ნამდვილად არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თასის გათამაშებას ნაადრევად გამოვეთიშეთ და ჩემპიონატშიც არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა, გუნდში მუშაობას განაგრძობს ესპანელი სპეციალისტი - ალექს გარსია, გადაწყვეტით შემიძლია გითხრათ, რომ დინამოს შეკრებაზე სწორედ იგი წაიყვანს, მაისის ბოლოს კი შევაჯამებთ ჩვენი გუნდის თავკაცის ერთწლიან გარჯას. ალექს გარსიას უნდა მივცეთ საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენის საშუალება. არ ვართ კმაყოფილნი - არ ნიშნავს რომ გარსია უნდა გაგვეშვა. ჩვენ გვქონდა შეხვედრა, რა თქმა უნდა იყო მკაცრი საუბარიც, თუმცა ჩვენ ერთად ვაგრძელებთ მუშაობას და განვაგრძობთ დასახული მიზნისთვის ბრძოლას. დასასრულს კი შემიძლია გითხრათ, რომ ახალი წლიდან, დინამოში რამდენიმე ცნობილი სახე ითამაშებს, რომელთა გამოჩენაც ძალიან გაგახარებთ. თუმცა ამ ეტაპზე დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ.

ლაშა დვალიშვილი - მარტვილის მერანთან წაგებული შეხვედრის შემდეგ, ალექს გარსიამ კომენტარი გააკეთა, რის გამოც ფეხბურთის ფედერაციამ 3500 ლარით დაგვაჯარიმა. ამავე თამაშის შემდეგ გუნდმა კიდევ ერთი საჯარიმო ფურცელი მიიღო, სადაც 600 ლარიანი ჯარიმით იყო დასჯილი ჩვენი გუნდის მასაჟისტი. მართალია არ ვაპირებთ ამ ჯარიმის გასაჩივრებას, თუმცა ზუსტად გვაინტერესებს რის გამო დაგვეკისრა ფინანსური სანქციები. ფედერაციის მხრიდან სხვა კლუბების მიმართაც თუ კი ასეთი მიდგომა იქნება, მაშინ მათ ჯარიმებში საკუთარი ბიუჯეტის დიდი წილის გადახდა მოუწევთ, მაგრამ ასე რომ არ ხდება, მშვენივრად მოგეხსენებათ. რაც შეეხება გათამაშების ლიდერთან 27 ნოემბერს გასამართ შეხვედრას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში შედგა საგანგებო კომიტეტის სხდომა, სადაც აღიარებულ იქნა, რომ ეს შეხვედრა ნაადრევად იქნა გადადებული და დარღვეულ იქნა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დებულება. საყვედური გამოეცხადა საშეჯიბრო განყოფილების ხელძღვანელს. ჩვენი ბრიფინგის დასასრულისკენ კი, მინდა გაგიმხილოთ, რომ ჩვენ კლუბში რებდენდინგის პროცესი გრძელდება. მაისის თვეში გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების საწვრთნელი ბაზა და ჩვენი გუნდი ადიდასის ნაცვლად ნაიკით შეიმოსება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024