19 წლამდე ჩემპიონატში ოქროს ლიგის გათამაშების ბოლო ტური გაიმართა, რომელშიც ტურნირის გამარჯვებულის ბედი უნდა გარკვეულიყო. საგურამოს საფეხბურთო ბაზაზე ლოკომოტივმა დინამოს უმასპინძლა. საჩემპიონოდ მასპინძლებს მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ ხელს, ლურჯ-თეთრებს კი ტროფეი საყაიმო ანგარიშის შემთხვევაშიც ერგებოდათ. თავიდანვე აღნიშვნის ღირსია, რომ მატჩმა საკმაოდ მაღალ რიტმში, სანახაობრივად და დაძაბულად ჩაიარა. დინამოელები მთელი შეხვედრის მანძილზე ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას, თუმცა მასპინძლები საკმაოდ სახიფათო კონტრშეტევებს ახორციელებდნენ. რამდენიმე საგოლე შანსის ხელიდან გაშვების შემდეგ, პირველი ტაიმის ბოლოსკენ დაცვაში დაშვებული შეცდომით ლოკომოტივის შემტევმა გიორგი იაკობიძემ ისარგებლა და ანგარიშიც გაიხსნა. გაშვებულმა გოლმა დინამოელები არ დააბნია და რამდენიმე წუთში გიორგი აწყურელმა ზუსტი დარტყმით სტატუს ქვო აღადგინა. მანამდე კი სამწუხაროდ ტრავმა მიიღო გიორგი ომარაშვილმა და დინამოელი გარემარბი ფეხის წვივზე მოტეხილობით ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ აღმოჩნდა. მეორე ნახევარში დინამოელებმა რამდენიმე საგოლე შეტევა ვერ გამოიყენეს. ამას აცილებული თერთმეტმეტრიანიც მოჰყვა და საბოლოოდ მსაჯის მიერ დამატებულმა წუთებმა მეტად დაძაბულად ჩაიარა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა ოქროს მედლები მოიპოვა. იქვე გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი, ალექსანდრე იაშვილმა ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბის წევრებს ოქროს მედლები გადასცა. გუნდის კაპიტანმა ანზორ მექვაბიშვილმა კი გივი ჩოხელის სახელობის საჩემპიონო თასი აღმართა.
U19 ლოკომოტივი 1:1 დინამო
U19 დინამო: კუტალაძე, აწყურელი, ხვადაგიანი, ჯანგიძე, კალანდაძე, ომარაშვილი, ლომინაძე, მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი, აზაროვი, ზურებიანი
სათადარიგო სკამი: ხარშილაძე, ერაძე, მორჩილაძე, გაგნიძე, ფარულავა, გულდედავა, აბუაშვილი