საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროშესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრაში საფრანგეთს ეწვია და ნანსიში ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდა. საინტერესო და დაძაბული შეხვედრა სამწუხაროდ ახალგაზრდა ჯვაროსნების მარცხით 2:3 დასრულდა. მასპინძლებს ანგარიში ორბურთიანი სხვაობით მიჰყავდათ, თუმცა გია ცეცაძის გუნდმა მოახერხა სხვაობის გათანაბრება. გოლები გიორგი კოხრეიძის და ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა. ფრანგებმა კი გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანეს. მატჩი სრულად ჩაატარა ჩვენი გუნდის მცველმა დავით კობოურმა, ნიკა ნინუა კი მოედნიდან 59- ე წუთზე გაიყვანეს. მომდევნო შეხვედრას ახალგაზრდა ჯვაროსნები 18 ნოემბერს სლოვაკეთში ჩაატარებენ.