24 ნოემბერს 31- ე ეროვნული ჩემპიონატის 35- ე ტურში დინამო თბილისი გორში დილას დაუპირისპირდება. შეხვედრა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 14.00 საათზე დაიწყება.
ჩვენი მეტოქე
გორის საფეხბურთო კლუბი 1949 წელს შეიქმნა და არსებობის მანძილზე სახელწოდება რამდენჯერმე შეიცვალა. 1961 წლიდან კი დილა ეწოდა. გუნდი საშინაო შეხვედრებს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ატარებს, რომელიც 8 000 მაყურებელზეა გათვლილი. კლუბის სიმბოლიკა ძირითადად ცისფერ და ბორდოსფერშია გადაწყვეტილი. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან 18 წლის შემდეგ – 2008 წელს, გორის დილა უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა. პირველ ლიგაში დაქვეითებულმა გორელებმა მომდევნო – 2009/2010 წლების სეზონი მეორე ლიგაში დაიწყეს. დილა უმაღლეს ლიგას სამწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. გუნდმა ჯერ 2009/2010 წლების სეზონში მოიპოვა პირველ ლიგაში ასპარეზობის უფლება, შემდეგ კი 2010/2011 წლების სეზონში უმაღლესი ლიგის საგზურიც მოიპოვა. პირველი ლიგის მესამეადგილოსანმა გორის დილამ გადათამაშებაში სამტრედიას 2:0 მოუგო და ქართული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნდა. გორის დილამ თავისი პირველი ტიტული 2011/2012 წლების სეზონში მოიპოვა. შიდაქართლელებმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში ზესტაფონს 4:1 მოუგეს. 2014/2015 სეზონი კი გორელთათვის ტრიუმფალური აღმოჩნდა. დილამ თავის ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიპოვა.
მწვრთნელი და დილა
2019 წლის ივლისიდან გუნდს ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი, წარსულში საქართველოს ნაკრების კაპიტანი - გიორგი ნემსაძე ხელმძღვანელობს. დღეისათვის მისი გუნდი 34 თამაშიდან დაგროვილი 42 ქულით, სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე იმყოფება.
დინამო - დილა
ეროვნულ ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 66- ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს დიდი უპირატესობა აქვს. 47 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 13 შეხვედრა ფრედ დასრულდა და 6 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 168/39 არის.
ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა 9:0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. მეხუთე ჩემპიონატის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა - 6:1 და ექვსჯერ 5:0, ხოლო ოთხ-ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4:1, 4:0 და 1:1. ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ექვსი მატჩი უგოლოდ, სამი შეხვედრა კი 2:2 დასრულდა. გორის დილამ პირველად ჩვენს გუნდს 2012 წლის 15 სექტემბერს მოუგო (2:0). ბოლოს ეს გუნდები თბილისში 2019 წლის 29 აგვისტოს შეხვდნენ ერთმანეთს. მატჩი თბილისელთა გამარჯვებით 5:0 მორჩა. გორელთა კარში დუბლი ლევან კუტალიამ შეასრულა, დანარჩენი გოლები ნოდარ ქავთარაძის, აკაკი შულაიას და კვამე კარიკარის ანგარიშზეა.
მსაჯი და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
მატჩის მთავარი არბიტრი ირაკლი კვირიკაშვილი გახლავთ. მას ასისტენტობას ლ. თოდრია და დ. ჩიგოგიძე გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები ი. ხერხაძე და დ. სანოძე იქნებიან. მეოთხე მსაჯი ა. აფციაური გახლავთ. შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ფეხბურთელები არ გამოტოვებენ.