ბერლინში დასრულდა ლეგენდათა ტრადიციული ტურნირი, რომელშიც 8 გუნდი იღებდა მონაწილეობას. მაქს შმელინგის სახელობის დარბაზში ტროფეის მოსაგებად ერთმანეთს დინამო თბილისი, დორტმუნდის ბორუსია, ლევერკუზენის ბაიერი, შალკე 04, ჰერტა, უნიონ ბერლინი, ბრემენის ვერდერი და ტენის ბორუსია ეცილებოდნენ.
პირველ სათამაშო დღეს დინამოელებმა ლევერკუზენის ბაიერი 4-2 დაამარცხეს. ალექსანდრე იაშვილმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი კახა კალაძემ და ოთარ მარცვალაძემ გაიტანეს. მეორე შეხვედრა დინამოელებმა დორტმუნდის ბორუსიასთან 2-3 დათმეს. გოლები ალექსანდრე იაშვილმა და ლაშა სალუქვაძემ გაიტანეს. მეორე დღეს დინამო შალკე 04- ს შეხვდა და მნიშვნელოვან მატჩში 6-3 იმარჯვა. ალექსანდრე იაშვილმა და კახა კალაძემ ორ-ორი გოლი გაიტანეს, კიდევ ორი გოლი დავით კვირკველიამ და ოთარ მარცვალაძემ შეაგდეს. ამ მოგებით თბილისელებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და ნახევარფინალში ბრემენის ვერდერს დაუპირისპირდნენ. თამაში დინამომ 5-2 მოიგო. კახა კალაძემ ჰეთ თრიქი შეასრულა, ხოლო ალექსანდრე იაშვილმა დუბლი გაიფორმა. დინამო ფინალში გავიდა სადაც ბერლინის ჰერტად შეხვდა. მატჩი ჰერტას გამარჯვებით 5-2 მორჩა, თბილისელთა შემადგენლობიდან გოლები ალექსანდრე იაშვილმა და ლევან ცქიტიშვილმა გაიტანეს. საბოლოოდ დინამოელებმა ტურნირის ვიცე ჩემპიონის ტიტული მიიღეს. გათამაშების საუკეთესო მეკარედ რომან ვაიდენფელერთან ერთად გიორგი ლომაია აღიარეს, ხოლო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი ალექსანდრე იაშვილი გახდა. იაშკამ 8 გატანილი გოლით ასევე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირის ტიტულიც მიიღო.
გაგაცნობთ ვიცე ჩემპიონების შემდგენლობას: გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, კახა კალაძე, ლაშა სალუქვაძე, მიხეილ ამისულაშვილი, ოთარ მარცვალაძე, ლევან ცქიტიშვილი, დავით სირაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, ზურაბ ფოფხაძე, დავით კვირკველია და გიორგი რევაზიშვილი.