ბერლინში სტარტი აიღო ლეგენდათა ტრადიციულმა ტურნირმა, რომელშიც 8 გუნდი იღებს მონაწილეობას. მაქს შმელინგის სახელობის პირთამდე სავსე დარბაზში ტროფეის მოსაგებად ერთმანეთს დინამო თბილისი, დორტმუნდის ბორუსია, ლევერკუზენის ბაიერი, შალკე 04, ჰერტა, უნიონ ბერლინი, ბრემენის ვერდერი და ტენის ბორუსია ეცილებიან.
პირველ მატჩში დინამოელებმა ლევერკუზენის ბაიერი 4-2 დაამარცხეს. ალექსანდრე იაშვილმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი კახა კალაძემ და ოთარ მარცვალაძემ გაიტანეს. მეორე შეხვედრა დინამოელებმა დორტმუნდის ბორუსიასთან 2-3 დათმეს. გოლები ალექსანდრე იაშვილმა და ლაშა სალუქვაძემ გაიტანეს. ხვალ საღამოს დინამო შალკეს შეხვდება და ნახევარფინალში გასული გუნდიც გამოვლინდება.
გაგაცნობთ ტურნირში მონაწილე დინამოელთა შემდგენლობას: გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, კახა კალაძე, ლაშა სალუქვაძე, მიხეილ ამისულაშვილი, ოთარ მარცვალაძე, ლევან ცქიტიშვილი, დავით სირაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, ზურაბ ფოფხაძე, დავით კვირკველია და გიორგი რევაზიშვილი.