გოგიტა გოგუას სახით დინამომ მნიშვნელოვანი შენაძენი გააკეთა. გოგიტას ჩვენს გუნდში ჩარიცხვას ქომაგი დიდი ინტერესით ელოდა. ნორვეგიელებთან შეხვედრაში გოგუა ერთ-ერთი გამორჩეული იყო, მაგრამ მატჩის 36-ე წუთზე მეორე გაფრთხილების გამო, მას მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. გოგიტა გოგუას გუშინდელ მატჩზე და გულშემატკივრისთვის სხვა საინტერესო თემებზე საუბარი ვთხოვეთ.
გოგიტა გოგუა – მატჩის შემდეგ არბიტრმა მომიბოდიშა, პირველი გაფრთხილებაც არასწორად მოგეცი და წითელიც არ იყო საჩვენებელიო. სათამაშო ეპიზოდი იყო და ბურთი განგებ არ გადამიგდია. სხვა არც არაფერი მომხდარა. პირველი ტაიმი ჩვენი იყო. მეორე ნახევარში კაცნაკლულები ვიყავით. მთლიანობაში ვფიქრობ, თამაშით ვაჯობეთ. მცირე ნიუანსები იყო სადაც შეიძლებოდა უკეთ გვეთამაშა დაცვაშიც და შეტევის ხაზშიც. ეს შეკრებაა და დატვირთვის ფონზე შეცდომებიც უფრო მეტია. გუნდში მოსვლამდე პირადად მხოლოდ 4-5 ფეხბურთელს ვიცნობდი. ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები არიან, რომელთაც ყველაფერი წინა აქვთ. რასაც ვუყურებ, ძალიან კარგი გუნდი ყალიბდება. ახალწვეულები მოვიდნენ, რომელთაც გამოცდილება აქვთ. აქ ისეთი მოთამაშეებიც დაგვხდნენ, რომელთაც სანაკრებო გამოცდილებაც გააჩნიათ - ლორია, ოდიკაძე, კოშკაძე. ცხადია ჩამორჩენა სოლიდურია. ლიდერი სერიოზულ ფორას ფლობს და ტიტულისთვის ბრძოლა რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად უნდა გავიდეთ და მოვიგოთ. დანარჩენი სატურნირო ცხრილში გამოჩნდება. ამ ეტაპზე, იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, როგორშიც ჩვენ ვიმყოფებით, მე შედეგს, თამშის ხარისხზე წინ დავაყენებდი. ჩვენთვის მთავარი შედეგია. ყველამ საკუთარ თავს უნდა მოვთხოვოთ, ფეხბურთელებმა ერთმანეთს უნდა მოვთხოვოთ და შედეგიც იქნება, რითაც გულშემატკივარსაც გავახარებთ.