დასრულდა ბენდელას თასის საიუბილეო 30- ე გათამაშება. დინამო თბილისის 11 წლამდე შემადგენლობამ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე საბოლოოდ ვერცხლის მედლები მოიპოვა. ზურა ელიავას კრებული გადამწყვეტ შეხვედრაში ალმათის კაირატს შეხვდა, მატჩის მანძილზე სათამაშო უპირატესობასაც ფლობდა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა. მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში კი ყაზახები უფრო ზუსტნი აღმოჩნდნენ (3:1) და ბენდელას თასი მოიპოვეს.
დინამოელებმა ვერცხლის მედლებთან ერთად ინდივიდუალური პრიზებიც მიიღეს: ტურნირის საუკეთესო მცველი საბა ხარებაშვილი გახდა. ბენდელას თასის ბომბარდირის ტიტული გიორგი მელქაძემ მიიღო. ხოლო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ლუკა ციკოლია აღიარეს.
დინამოელებმა ფინალამდე ჯგუფში აზერბაიჯანული ყარაბახი 7:0 დაჯაბნეს, გორი 5:0 დაამარცხეს და საჩხერის ჩიხურას 8:0 მოუგეს. მეოთხედფინალში მარტვილის დინამოსთან მატჩში თბილისელებმა 8:2 იმარჯვეს, ხოლო ნახევარფინალში ჩვენმა გუნდმა მასპინძელ საბურთალოს 2:0 მოუგო.
დინამოელთა შემადგენლობა ბენდელას თასზე: ერიაშვილი, ხარებაშვილი, დიაკონიძე, ლომიძე, შათირიშვილი, ბენდელიანი, ადუაშვილი, ადამია, მელქაძე, შუბითიძე, კაკაშვილი, ციკოლია, წიქარიშვილი და მხეიძე.