• Geo
  • Eng
30.01.2012
ცვლილებები დინამოში

დღეს დინამო თბილისში მომხდარი საკადრო ცვლილებების შესახებ დინამო არენაზე პრესკონფერენცია გაიმართა. ჩვენი გუნდის პრეზიდენტმა, ბატონმა რომან ფიფიამ საზოგადოებას კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი წარუდგინა. დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტთა კითხვებს რომან ფიფიამ და გიორგი დევდარიანმა უპასუხეს.

რომან ფიფია - დღეიდან დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელის პოსტს გიორგი დევდარიანი დაიკავებს. მთავარი მწვრთნელის შეცვლასთან ერთად, გუნდში სხვა საკადრო გადაადგილებაც არის. დღეიდან ჩვენი კლუბის მმართველი დირექტორი სანდრო შახოვი იქნება, მან ზურაბ პოლოლიკაშვილი შეცვალა, რომელიც ვიცე–პრეზიდენტის თანამდებობაზე განაგრძობს მუშაობას. ზურა ჩემი მეგობარი და თანამოაზრეა, იგი ჩვენს გუნდში რჩება. მე და ზურას სხვა საერთო პროექტიც გვაქვს, რომელიც არ არის დინამოსთან კავშირში. აქედან გამომდინარე, ჩავთვალე, რომ უკეთესი იქნება თუ კი საკუთარი დროის დიდი ნაწილს ჩვენს საერთო პროექტს მოახმარს. რაც შეეხება სანდრო შახოვს იგი საკმაოდ კარგი მენეჯერია და დინამო არენაზე წარმატებულად განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოები სწორედ მისი დამსახურებაა. დინამოს მმართველ დირექტორად სანდრო შახოვის დანიშვნა ვფიქრობ, უფრო ეფექტურს გახდის ჩვენს მუშაობას და ამავდროულად შედეგის მომტანიც იქნება.

ესპანელი ალექს გარსია საუკეთესო ადამიანია. მასზე, როგორც პიროვნებაზე დადებითის მეტს ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ეს თვისებები საკმარისი არ არის იმისთვის, რომ დინამომ დასახულ მიზნებს მიაღწიოს.

სამწუხაროდ მაქვს ასეთი ვალდებულება, რომ მწვრთნელი ადრე თუ გვიან დავითხოვო. ეს  ჩემი  პრეროგატივაა, თუმცა მერწმუნეთ, ასეთი ნაბიჯის გადადგმა არ არის იოლი საქმე. რთულია, როდესაც ადამიანი უნდა დაითხოვო. თუმცა ჩემთვის, მთავარი შედეგია. მე დაახლოებით ორი კვირის წინ, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადე ალექს გარსიას და ბუნებრივია გარკვეული მოთხოვნებიც გვქონდა. მინდა გითხრათ, რომ ეს პირობები არ იქნა სათანადოდ შესრულებული. მე შემეძლო ალექსისთვის  კიდევ სამი თვე მიმეცა, თუმცა ეს არსებულ სურათს არ შეცვლიდა.  გარსიას ვთხოვეთ, რომ ფიზმომზადების საკითხები უმოკლეს დროში ყოფილიყო გამოსწორებული.  მე არ მომწონდა ფეხბურთელთა ფიზიკური მომზადების ხარისხი. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა და კიდევ, უამრავი დეტალია, რომელზე საუბრისგანაც თავს შევიკავებ. დინამოში შექმნილი ატმოსფერო არ მომწონდა. ამიტომაც გიორგი დევდარიანზე გავაკეთე არჩევანი. დღეიდან სათავეში ჩვენს გუნდს სწორედ იგი ჩაუდგება. რაც შეეხება აკადემიაში მომუშავე მწვრთნელს, ანდრეს კარასკოს, სავარაუდოდ  იგი გუნდში დარჩება, რაღა თქმა უნდა თუ თავადაც ექნება ამის სურვილი. ესპანელი ფეხბურთელების დარჩენა – არ დარჩენის საკითხს მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს. მე დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი შექმნის კონკურენტუნარიან და ბრძოლისუნარიან გუნდს. არ დავმალავ და არაერთხელ მქონდა ალექს გარსიას გაშვების სურვილი. დღეს ბევრი მესმის, რომ მწვრთნელს უდნა აცადო და დრო მისცე. თუმცა მინდა გკითხოთ, კახა კაჭარავამ რა დააშავა? კაჭარავას დროს ბიუჯეტი 2 მილიონი ლარი იყო, ახლა კი 5 მილიონ დოლარზე მეტია. ჩვენ გვინდოდა უკეთესი – მაგრამ ვერ მივიღეთ. ახლა კი გიორგიმ უნდა დაამტკიცოს, რომ ჩვენს ნდობას იმსახურებს. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მე ამ ადამიანის მონდომებას ვხედავ და მას თავისივე გაწეული სამსახურიდან გამომდინარე ნდობას ვუცხადებთ. ვიმედოვნებ ხვალინდელ შეხვედრაში უკვე გიორგი დევდარიანი იქნება გუნდთან ერთად და სავარაუდოდ სწორედ იგი გაიყვანს გუნდს მოედანზე.

გიორგი დევდარიანი - სასურველია, რომ მწვრთნელმა გუნდი თავად წაიყვანოს შეკრებაზე და თავად ჩაატაროს სელექცია, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ჩემს შემთხვევაში სხვაგვარად ხდება. ბატონმა რომან ფიფიამ აღნიშნა, რომ მისი და ალექსის შეთანხმება არ იქნა შესრულებული. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა დინამო და ამავდროულად უდიდეს პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ. არ გეგონოთ, რომ ეს ლიტონი სიტყვებია. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, რთულ პერიოდში მიწევს გუნდში მოსვლა. დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემს კანდიდატურას მხარი დაუჭირა. მე მანამდეც ვმუშაობდი დინამოს დუბლებში და ასე თუ ისე ძირითად გუნდში მოთამაშე ფეხბურთელებზეც გარკვეული წარმოდგენა მაქვს. ცდას არ დავაკლებ, რომ ბატონი რომანის ნდობა გავამართლო და გუნდთან ერთად სასურველი შედეგი ვაჩვენო. ბუნებრივია უკეთესი ფეხბურთელების ძებნას გავაგრძელებთ. ეს ცოცხალი პროცესია და ყველა წარმატებაზე ორიენტირებული კლუბი გამუდმებით უკეთეს კადრებს ეძებს. დინამო ყველა შეხვედრაში პირველ ტაიმს კარგად თამაშობდა, მეორე ნახევარში კი ფიზიკური დაღლილობა ეტყობოდათ მოთამაშეებს და ამ კომპონენტში აუცილებლად უნდა დავიხვეწოთ. კლუბის სპორტულმა დირექტორმა კარგად იმუშავა, ამ ზამთარს დინამოს გოგიტა გოგუა, გიორგი მერებაშვილი და ირაკლი ძარია დაემატნენ. ბუნებრივია გარკვეული ცვლილებები იქნება. ჩემი იდეების განხორციელებაზე სრული თავისუფლება მაქვს მონიჭებული და მჯერა, რომ სიტუაციას უკეთესობისკენ შევცვლი. წარმატებული კლუბის  ერთ-ერთი საფუძველი ის გახლავთ, რომ ხშირად არ უნდა ცვალოს აღებული კურსი. მეც ცხადია მხიბლავს ბარსელონას თამაშის სტილი და არჩეული კურსის შეცვლას ნამდვილად არ ვაპირებთ. დღეს გუნდში არიან ის ფეხბურთელები, რომლებიც  ამ სქემაში მოიაზრებიან, თუმცა ფეხბურთელთა ფიზიკური კონდიციები გასაუმჯობესებელია.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024