• Geo
  • Eng
05.02.2012
ესპანური შეკრების შეფასება კლუბის სპორტულ დირექტორს, გიორგი ნემსაძეს ვთხოვეთ

ესპანური შეკრების შემდეგ დელეგაციის ხელმძღვანელს, ჩვენი გუნდის სპორტულ დირექტორს, გიორგი ნემსაძეს განვლილი მოსამზადებელი პერიოდის შეფასება ვთხოვეთ.

გიორგი ნემსაძე - შეკრებაზე საუბრისას თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ მზადების პროცესი ორ ნაწილად იყო დაყოფილი, გუნდმა პირველი 10 დღე ბარსელონაში, დანარჩენი პერიოდი კი მარბელასთან ახლოს მდებარე ესტეპონაში გაატარა. მოსამზადებელ ეტაპზე თბილისიდან 26 ფეხბურთელი წავიდა. სანდრო გურული და ანდრეუ გერაუ გუნდს ესპანეთში შეურთდნენ. შეკრებაზე თბილისიდანვე ტრავმირებულნი გაემგზავრნენ გიორგი რეხვიაშვილი, ლაშა პარუნაშვილი და ლევან კაკუბავა, რომელსაც ფეხი ჰქონდა მოტეხილი და სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა.

ყველა მწვრთნელს საკუთარი შეხედულება გააჩნია. თუმცა, ჩემი აზრით, მოსამზადებელი პერიოდი არასწორად გახლდათ დაგეგმილი. შედეგად თომაშვილი, ხმალაძე, ძარია, ხოჭოლავა, ანდრეუ დაშავდნენ. მათ კუნთოვანი ქსოვილის სხვადასხვა ტიპის დაზიანებები აქვთ. არასწორად დაგეგმილი ვარჯიშების შედეგად მოსამზადებელი ეტაპი ათ ფეხბურთელს ფაქტობრივად ჩაუვარდა. შედეგად, თბილისში დღევანდელ ვარჯიშზე სრული დატვირთვით მხოლოდ 14 ფეხბურთელმა ივარჯიშა, აქედან სამი მეკარეა.

რაც შეეხება ახალწვეულებს, ფაქტობრივად შეკრებამდე იყო გადაწყვეტილი ესპანელ ანდრეუს დამატების საკითხი. მან პირველ ორ თამაშში ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა მოგვიანებით ისიც ლაზარეთში აღმოჩნდა. ბარსელონაში უნდა გარკვეულიყო სანდრო გურულის საკითხი, მაგრამ მწვრთნელმა საბოლოო გადაწყვეტილება მის შესახებ ვერ მიიღო.

იანვარში კარგი ფეხბურთელები დავიმატეთ. მერებაშვილი, რომელიც დინამოს ოჯახის წევრია. გიორგის ჩვენი გუნდის მაისურით არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი აქვს ჩატარებული, გულშემატკივარი მას ძალიან კარგად იცნობს და ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება. ირაკლი ძარია კი ერთ–ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ თავის ყოფილ გუნდში და საერთოდ საქართველოს ჩემპიონატში. გუნდს შეუერთდა კოკა სეფიაშვილიც, რომლის კარგი თამაში გვინახავს და მისი დამატების საკითხზე დიდხანს არ გვიფიქრია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ჩვენს გუნდში სამი მაღალი კლასის კიპერი ირიცხება და დიდი კონკურენციაა. დინამოს მაისურით ითამაშებს გოგიტა გოგუაც. მას ქართულ ფეხბურთში საკუთარი სიტყვა ნათქვამი აქვს და იგი დიდი ძალა იქნება ჩვენი გუნდისთვის.

ამ ეტაპზე დინამო მხოლოდ სახელებითა და გვარებით გაძლიერდა, ვინაიდან მოსამზადებერლი პერიოდი სამწუხაროდ ჯეროვნად არ იქნა გამოყენებული.

საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ დინამომ დინამომ სხვადასხვა გუნდში იჯარის წესით სათამაშოდ ახალგაზრდა ფეხბურთელები, გიორგი თექთურმანიძე და ირაკლი ლექვთაძე გაანათხოვრა. ჩვენ მომავალში მათი იმედი გვაქვს. მათ ამ ეტაპზე სისტემატიური თამაში და სათამაშო პრაქტიკა ესაჭიროებათ. ასევე იჯარის წესით სეზონის ბოლომდე გორის დილაში ითამაშებს გიორგი კახელიშვილიც. მათ მსგავსად ჩვენი დუბლშემადგენლობის რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი (ნადირაძე, გველესიანი, ჩაფიძე, გაბაშვილი) იჯარის წესით უმაღლესი ლიგის სხვადასხვა კლუბებში გამოვლენ. ისინი უკვე მომწიფებულნი არიან უმაღლეს ლიგაში სათამაშოდ. მათზე იყო მოთხოვნა და საბოლოოდ ჩვენ მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ უმაღლეს ლიგაში თამაშის შესაძლებლობა და საჭირო გამოცდილების მიღების შემდეგ დაუბრუნდნენ თავიანთ გუნდს. თუ ჩვენ ვერ ვხედავთ რომელიმე ფეხბურთელში პერსპექტივას, ასეთი მოთამაშეები უბრალოდ ტოვებენ გუნდს.

მოგეხსენებათ, ჩვენი კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით გუნდის სათავეში მთავარი მწვრთნელის პოსტზე გიორგი დევდარიანი იმუშავებს, რომელიც თავისი სამწვრთნელო კარიერის ყველა ეტაპზე – იქნებოდა ეს ბავშვთა ფეხბურთი, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრები გუნდები, საფეხბურთო კლუბი თბილისი თუ დინამოს დუბლშემადგენლობა ყველგან წარმატებით საქმიანობდა. იგი დინამოს ოჯახის წევრია. მას მშვენივრადა აქვს გააზრებული, რა უნდა შეცვალოს მოედანზე და მოედნის მიღმა დროის მოკლე პერიოდში. გიორგიმ ძალიან კარგად იცის, რომ ის დიდი ნდობა, რომელიც მას გუნდის ხელმძღვანელობამ გამოუცხადა უნდა გამართლდეს. ვიმედოვნებ, რომ ეს დიდი გამოწვევა, რომელიც ალბათ გარდამტეხია მისი სამწვრთნელო კარიერის მანძილზე წარმატებული გამოდგება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024