დღეს დინამო თბილისი თურქულ შეკრებაზე ბოლო შეხვედრას ჩაატარებს. ჩვენს გუნდს მეტოქეობას აღმოსავლეთ ევროპული ფეხბურთის ერტ-ერთი გრანდი კიევის დინამო გაუწევს. მატჩი ბელეკში გაიმართება და თბილისის დროით 18.00 საათზე დაიწყება.
დინამო კიევი 1927 წელს დაარსდა. კიეველთა საკლუბო ფერები ლურჯი და თეთრია. საშინაო მატჩებს დინამო კიევის ოლიმპიურ სტადიონზე ატარებს, რომელის ტევადობაც 70 000 მაყურებელზეა გათვლილი. დინამო კიევი პოსტ საბჭოთა ქვეყნების ყველაზე ტიტულოვანი კლუბია და დღეისათვის ჩვენს გუნდთან ტანდემში ერთადერთია, რომელსაც უმაღლესი ლიგა არასდროს დაუტოვებია. კიეველები მიმდინარე უკრაინის ჩემპიონატში 18 ჩატარებული მატჩის შემდეგ დაგროვილი 36 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებენ.
დინამო კიევმა 13- ჯერ (რეკორდი) მოიგო სსრკ- ს ჩემპიონატი, 11- ჯერ გახდა ვიცე ჩემპიონი და აიღო სამი ბრინჯაო. ლურჯ-თეთრებმა 9- ჯერ აღმართეს ბროლის თასი და სამჯერ სსრკ- ს სუპერთასი. დინამო უკრაინის რეკორდსმენია 15- ჯერ მოპოვებული საჩემპიონო ტიტულით და 11- ჯერ მოგებული ეროვნული თასით. უკრაინის სუპერთასის მოგება კიეველებმა 8- ჯერ იზეიმეს. საერთაშორისო არენაზე ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ორჯერ 1975 და 1986 წლებში უეფას თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. 1975 წელს დინამო კიევმა უეფას სუპერთასიც აღმართა, დსთ- ს თასი კი ოთხგზის მოიპოვა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, დინამო სამჯერ 1977, 1987 და 1999 წლებში ამ ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. 2009 წელს კი იმავე სტადიაზე ევროპა ლიგაზეც იასპარეზა.
კიეველები მეორე შეკრებაზე თურქეთში 2 თებერვლიდან იმყოფებიან. ჩვენმა ოპონენტმა 5 თებერვალს სლოვენიურ ოლიმპიას 5-0 მოუგო, 6 თებერვალს შვედურ სტრომსგოდსეტს 3-0 აჯობა და 9 თებერვალს სერბული ბორაცი 4-1 დაამარცხა. 11 თებერვალს დინამო კიევი ბატეს 1-1 დაუზავდა და 12 თებერვალს ყაზახურ ტობოლთან 2-4 დამარცხდა. დინამოელთა თავკაცის პოსტზე ცნობილი უკრაინელი ფეხბურთის სპეციალისტი და ვეტერანი ფეხბურთელი ოლექსეი მიხაილიჩენკო მუშაობს.