ზამთრის არდადეგებით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ეროვნული ჩემპიონატი 19 თებერვლიდან განახლდება. უჩვეულოდ ცივმა და თოვლიანმა ამინდმა თავისი კორექტივები გათამაშების განრიგშიც შეიტანა და 15 თებერვლის მატჩები, ამავე თვის 22 რიცხვისთვის გადაიდო. მეოცე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი რუსთავის მეტალურგის წინააღმდეგ გამართავს. ეს შეხვედრა რუსთავში, ფოლადის სტადიონზე 19 თებერვალს, 14 საათზე გაიმართება.
დინამო და მეტალურგი ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით, აქამდე 41– ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. ამ ურთიერთშეხვედრებში დინამო საგრძნობ უპირატესობას ფლობს. სულ თბილისელები 7– ჯერ დამარცხდნენ, 8 შეხვედრა დამთავრდა ფრედ, ხოლო 26 შემთხვევაში დინამოელებმა სათამაშო მოედანი თავაწეულებმა დატოვეს. ბურთების შეფარდება 86–34 თბილისელთა სასარგებლოდ.
აღსანიშნავია, რომ დინამოელებმა სამჯერ მოახერხეს მეტოქის დამარცხება ანგარიშით 4–0. მეოთხე ჩემპიონატის მეთორმეტე ტურში 1992 წლის 13 ნოემბრს, თბილისელებმა ამ ანგარიშით გასვლით შეხვედრაში იმარჯვეს. მეშვიდე ჩემპიონატის ოცდამეორე ტურის შეხვედრაში, რომელიც 1996 წლის 12 აპრილს დედაქალაქში გაიმართა და 2009 წლის 13 სექტემბერს, ოცდამეერთე ჩემპიონატის მეხუთე ტურში. ეს თამაში კოკისპირული წვიმის თანხლებით, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგა. გასვლით შეხვედრაში დინამომ ყველაზე დიდი ანგარიშით 1996 წლის 29 აგვისტოს იმარჯვა. მერვე ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრა ანგარიშით 6–2 დასრულდა. ყველაზე დიდი ანგარიშით კი დინამომ მეოთხე ჩემპიონატის ოცდამერვე ტურში მოიგო. 1993 წლის 3 ივნისს დინამომ მეტოქე 12-4 გააანადგურა. ბოლო შეხვედრაში, რომელიც დინამო არენაზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო ლოკომოტივის სტადიონზე ჩატარდა, მეტალურგმა საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში თბილისელები ანგარიშით 2–3 დაამარცხა.
19 თებერვალს დინამო თბილისს სულ ერთი შეხვედრა აქვს გამართული. ეს შეხვედრა შარშან ჩატარდა თბილისში. ოცდამეორე ჩემპიონატის, მეოცე ტურში დინამომ ზესტაფონს უმასპინძლა და მატჩი ფრედ 0–0 დასრულდა.