• Geo
  • Eng
16.02.2012
გიორგი დევდარიანი – დინამოსთვის ნორმა ყველა მატჩის მოგებაა

ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ ქართველ სპეციალისტს გიორგი დევდარიანს თბილისის ”დინამო" 30 იანვარს ჩააბარეს. ფაქტობრივად, ის გუნდს ესპანეთში შეკრების დასასრულს შეუერთდა, პირველი ვარჯიში კი 1 თებერვალს ჩაატარა. გუნდი ახლა თბილისშია და ინტერვიუსთვის მწვრთნელს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ვეწვიეთ.

- თქვენი დანიშვნის შემდეგ ორი კვირა გავიდა. ცხადია, გუნდისთავის ფერზე" მოსაყვანად ეს არასაკმარისი დროა, მაგრამ რაღაც ხომ მაინც შეიცვალა?
- უპირველეს ყოვლისა, შეიცვალა საქმისადმი მიდგომა. ის, რაც ესპანელებისა და ევროპელებისთვის ნორმაა, ქართველებისთვის ნორმა არ არის და ამას ჯერ მიჩვეულები არ ვართ. ჩვენდა სამწუხაროდ, პროფესიონალიზმით ქართველები ევროპელებს ჩამოვრჩებით.

- სხვათა შორის, ძველები ამბობენ, რომ საბჭოთა კავშირში დანერგილი ევროპელებისთვის უცხო ორ-სამთვიანი მოსამზადებელი ეტაპები სწორედ პროფესიონალიზმის ნაკლებობით იყო გამოწვეული და მოთამაშეთა რეჟიმში მოქცევას ისახავდა მიზნად.
- ზუსტად ასეა. იგივე იყო გარსიას შემთხვევაშიც: ეგონა, რომ დავალება მისცა ფეხბურთელებს და შეასრულებდნენ. შეკრებაზე ჩასულს არც ერთი ესპანელი ტრავმირებული არ დამხვედრია, 28 ქართველიდან კი ძალიან ბევრი იყო დაშავებული. ესეც მიუთითებს, რომ ეს ესპანელისთვის ნორმაა, ჩვენებს კი თავზე დგომა და კონტროლი სჭირდებათ. აქ ჩემს თავსაც ვგულისხმობ.


ჯერ ევროპელების დონეზე არ ვართ და ამიტომ მეტი კონტროლი და სიმკაცრე გვჭირდება. თუმცა, სიმკაცრე ცალკე თემაა. ვარჯიშზე რომ არ უნდა დაიგვიანო და მოედანზე ბოლომდე დაიხარჯო - ამის მოთხოვნა სიმკაცრეს არ ნიშნავს, ეს აუცილებელია.

ვარჯიშზე მოსული ფეხბურთელი ადვილი საკონტროლოა. პრობლემა მოედნის მიღმაა. ამიტომ გაიზარდა გუნდის ერთად ყოფნის დრო. ადრე თუ მხოლოდ სავარჯიშოდ მოდიოდნენ და მერე შინ ბრუნდებოდნენ, ახლა ვცდილობთ, ბაზაზე დილის 10 საათზე დავიბაროთ და საღამოს 5-6-მდე გავაჩეროთ. ასე უკეთ დაისვენებენ, სპორტსმენებისთვის შესაფერისად გამოიკვებებიან და მეტი კონტროლის ქვეშ იქნებიან.

- კვება და აღდგენები საინტერესო და მნიშვნელოვანი თემაა - ეს საკითხებიდინამოში" მოგვარებულია?
- რა თქმა უნდა. სხვათა შორის, მალე ჩამოგვიტანენ სპეციალურ ხელსაწყოებს, რომელიც ვარჯიშის დროს უმაგრდებათ ფეხბურთელებს. მონიტორთან მჯდარ ფიზმომზადების სპეციალისტს კი თვალწინ ექნება უამრავი სასარგებელო ინფორმაცია: მოთამაშეთა ფუნქციონალურ მდგომარეობაზე, მოთამაშის ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე; რამდენი აქვს წნევა, პულსი, რა მანძილი დაფარა, რა ინტენსიობით, რამდენი კილოკალორია დახარჯა და ასე შემდეგ.

- ამ ხელსაწყოს, ვარჯიშზე სიზარმაცის საწინააღდეგო პრეპარატიც შეიძლება ეწოდოს, მწვრთნელისგან მოფარებით ფეხბურთელი ვეღარ მოდუნდება.
- (იცინის) შეიძლება ასეც ითქვას. მაგრამ ჩვენთვის ბევრად ღირებულია მოპოვებული ინფორმაციების დამუშავება და სწორად გამოყენება. მაგალითად, კონტროლდება დახარჯული კილოკალორიები და ამის მიხედვით შედგება კვების რაციონი და კვების დანამატები. ეს ინფორმაციები განსაკუთრებით ეფექტურია მოსამზადებელ ეტაპზე - ორჯერადი ვარჯიშების დროს უნდა ვიცოდეთ, ვინ რამდენი კილოკალორია დახარჯა და რამდენის აღდგენა სჭირდება.

- ადრე ამბობდით, რომ ევროპელები მატჩში საშუალოდ 12-14 კილომეტრს დარბიანო - რამდენია დინამოელთა საშუალო მონაცემი?
- 14 კილომეტრი მაქსიმუმია, ჩემპიონთა ლიგაში 10 კილომეტრს დიდ სისწრაფეებზე ყველა დარბის და თანაც, დიდი მნიშვნელობა აქვს რბენის ინტენსიობას. სამწუხაროდ, საქართველოში ამის დათვლა შეუძლებელია. ამ ხელსაწყოთი ინფორმაცია ვარჯიშებზე მაინც გვექნება.

- მოთამაშეთა ტრავმიანობის მიზეზი მხოლოდ შესვენების დროს დავალებების შეუსრულებლობა იყო თუ არასწორი დატვირთვებიც?
- მე სრული ინფორმაცია არ მაქვს, ჩემს დანიშვნამდე რა ხდებოდა და ვერ ვიტყვი, ეს რისი ან ვისი ბრალია. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ დღესაც ბევრი ფეხბურთელი ვერ ვარჯიშობს და დუბლებიდან გვიწევს დამატება.

- ვინ არის ამჟამად ტრავმირებული?
- ”მეტალურგთან" გუნდისთვის მნიშვნელოვანი ბევრი ფეხბურთელი ვერ ითამაშებს. ამ უთამაშებლობას ერთი პლუსი ის აქვს, რომ ჩვენმა მოწინააღმდეგემ არ იცის, სასტარტო შემადგენლობაში ვინ გვეყოლება და ეს მათთვის სიურპრიზი უნდა იყოს. სამწუხაროდ, ჩვენ ვერც ერთი ამხანაგური შეხვედრა ვერ ჩავატარეთ, მომზადების პროცესში სხვა ხელისშემშლელი ფაქტორებიც გვქონდა.

- ბევრი მცველია ტრავმირებული - შეუძლიათ მათი შეცვლა დუბლებიდან დაწინაურებულ უდავოდ ნიჭიერ, მაგრამ გამოუცდელ მოთამაშეეებს, ან შეძლებენ გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ კონკურენტებთან ღირსეულ თამაშს ?
- გამოცდილება ბევრს ნიშნავს, მაგრამ ძირითადში 5-6 ახალგაზრდას არც ვათამაშებ. ჩვენი მიზანი პერსპექტიული ფეხბურთელების გახსნაა, ევროპულ დონეზე წარმატებას რომ მიაღწიონ. სწორედ ამიტომ მათი ადაპტირება მოხდება დროთა განმავლობაში და გარკვეული დოზით. მათ იმ ტვირთს არ ავკიდებთ, რისი ზიდვაც არ შეუძლიათ.

- სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ ვინმეს ხომ არ დაიმატებთ?
- ვერავის დავიმატებთ და დღეს არსებული რესურსით უნდა ვითამაშოთ. თუმცა გავიმეორებ, რომ დღეისათვის ბევრი ტრავმირებულია და ამ კუთხით კარგ მდგომარეობაში არ ვართ. თუმცა რუსთავის ”მეტალურგთან" ახალგაზრდაც და გამოცდილიც ვალდებული იქნება, ”დინამოს" სახელის შესაფერისად დაიცვას გუნდის ღირსება.

- ყველა ესპანელი დატოვეთ?
- ჯერჯერობით, ყველა.

- აშკარად ჩანს თავდასხმის პრობლემა.
- როდესაც ყველა მოთამაშე გამოჯანმრთელდება - და ეს მალე მოხდება - ჩემი აზრით, თავდასხმის პრობლემა აღარ იქნება. ”დინამოში" ისეთი კონტიგენტი შეიკრება, შესაძლოა, არავის დამატება არ დაგვჭირდეს.

- მოთამაშეები აიყოლიეთ?
- რუსთაველებთან მატჩის მერე, ასე თუ ისე, მეცოდინება, ავიყოლიე ბიჭები და თუ არა. ახლა, რაც არ უნდა ვილაპარაკო, მწვრთნელის მუშაობის საუკეთესო ტესტი თამაშებია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ”დინამომ" წარმატებით ითამაშოს, თუმცა გულშემატკივრარსა და მედიას გთხოვთ, ერთი თამაშით ნუ შეაფასებთ ჩემს შესაძლებლობებს, რადგან ექსტრემალურ ვითარებაში მიწევდა მუშაობა - ”მეტალურგთან" მატჩამდე გუნდის მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო მქონდა.

- გულშემატკივარიდინამოსგან" სულ ჩემპიონობას ითხოვს, მაგრამ ექსტრემალურ ვითარებაში ეს ძნელი მისაღწევი ჩანს.
- რა თქმა უნდა, ძნელია, მაგრამ მე ჩემს თავს მიზნად ყველა მატჩის მოგებას ვუსახავ - ეს ”დინამოსთვის" ნორმაა და მეც მაქსიმალისტი ვარ. დრო გვაჩვენებს, რა გამოვა ამ საქმიდან.

16 თებერვალი 2012     ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"    მერაბ მამულაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024