დინამოელებმა თურქულ შეკრებაზე პირველი ტესტ მატჩი ჩაატარეს. ჩვენი გუნდი რუმინულ ვოლუნტარის დაუპირისპირდა. შეხვედრა თბილისელთა მხრიდან როინ კვასხვაძემ, ნიკა ნინუამ, ნოდარ ქავთარაძემ და დავით მუჯირმა გამოტოვეს. ძირითადში დაიწყეს თამაში სინჯებზე მყოფმა გასტონ კამარამ და იგორ ჩუკოვიჩმა. მატჩის პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ანგარიში რუმინელებმა ნკოლას გორობსოვის ზუსტი დარტყმის შემდეგ გახსნეს, რასაც ცოტახანში კატალინ ტატას გოლი მოჰყვა და ვოლუნტარი ორი ბურთით დაწინაურდა. ტაიმის შუაში დავით კობოურის შედეგიანი თამაშის შემდეგ დინამომ სხვაობა შეამცირა, შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე კი გიორგი კუციას შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, თუმცა მისი ტექნიკურად დარტყმული ბურთი მეტოქის კარის ხარიხამ უკუაგდო. მეორე ტაიმში დინამომ ბურთის ფლობა გააუმჯობესა და შეტევებსაც უმატა, თუმცა საკუთარ კარში მიიღო გოლი. პენალტი ზუსტად ერიკ დე ოლივეირამ შეასრულა. თბილისელთა მხრიდნ კი გოლის გატანა ჯერ სინჯებზე მყოფ თორნიკე ახვლედიანს მართებდა, შემდეგ კი ზარიამ გაუშვა ხელიდან ხელსაყრელი მომენტი. რუმინელებმა კიდევ ერთხელ დაარტყეს პენალტი, რომელიც ომარ მიგინეიშვილმა მოიგერია. აქტიური იყო ირაკლი ბუღრიძე, მასაც ჰქონდა გოლის გატანის კარგი შესაძლებლობა, მაგრამ დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. საბოლოოდ დინამომ პირველი ტესტი 1-3 დათმო. მომდევნო მატჩს თბილისელები 22 იანვარს პლოვდივის ბოტევთან გამართავენ.
დინამო 1-3 ვოლუტარი
დინამო: მიგინეიშვილი, იაშვილი, ჯანგიძე, ჩუკოვიჩი, კობოური, პაპავა, კუცია, კუხიანიძე, კამარა, ბაბუნაძე, მჭედლიძე
მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: სანდოხაძე, ქიმაძე, აწყურელი, კალანდაძე, ქარდავა, ზარია, მოისწრაფიშვილი, მექვაბიშვილი, ბუღრიძე, ახვლედიანი, კაპანაძე