• Geo
  • Eng
29.02.2020
დინამო - თელავი | მატჩამდე

32- ე ჩემპიონატის პირველი ტურის პირველი მატჩი დინამო არენაზე გაიმართება. დინამო თბილისი საფეხბურთო კლუბ თელავს უმასპინძლებს. მატჩი 18.00 საათზე დაიწყება.

 

 

ჩვენი მეტოქე

საფეხბურთო კლუბი თელავი 2016 წლის 19 ივნისს დაარსდა. გუნდი საშინაო მატჩებს ლეგენდარული გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე ატარებს, თუმცა ამჯერად სტადიონზე რეკონსტრუქცია იგეგმება და კახელები მეტოქეებს თელავში, კავკასიონი რაგბი არენაზე უმასპინძლებენ. თელაველებმა ასპარეზობა რეგიონალ ლიგაში დაიწყეს და გარდამავალ ჩემპიონატში მესამე ლიგის საგზური მოიპოვეს. 2017 წელს მესამე ადგილზე დაასრულეს პირველობა და პლეი ოფის ორმატჩიან დუელში გურია (2-1, 1-1) დაამარცხეს. 2018 წელს თელაველებს პროგრესი არ შეუნელებიათ და მართალია ლიგა 2- ში საპრიზო ადგილი ვერ მოიპოვეს, თუმცა ისტორიაში პირველად საქართველოს თასის ნახევარფინალს უწიეს, სადაც ქუთაისის ტორპედოსთან მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდნენ. 2019 წელს თელავმა ეროვნული ლიგა 2- ის ბრინჯაო ირგუნა და პლეი ოფში რუსთავს ორივე შეხვედრა (1-0, 2-1) მოუგო. ამრიგად ახალგაზრდა გუნდმა უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა და 2006/2007 სეოზნის შემდეგ, კახეთს პირველად ეყოლება წარმომადგენელი ეროვნულ ლიგაში.

ეროვნული ლიგისთვის მოსამზადებელი სეზონი თელავმა ადგილზე დაიწყო. სპარინგები ლოკომოტივთან 1-3, თბილისის მერანთან 2-1 და სამტრედიასთან 2-1 ჩატარდა. შემდეგ გუნდი თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა და იქაც ჩაატარა ამხანაგური მატჩები. ბრესტის რუხთან 2-3 დათმეს კახელებმა. სკ მინსკი 4-0 დაჯაბნეს, ყაზახურ თარაზთან 0-1 წააგეს და ყირგიზულ ალაის 3-2 აჯობეს.

გუნდში რამდენიმე ფეხბურთელია, რომელსაც დინამო თბილისის ან ჩვენი ასაკობრივი გუნდის ფორმით უასპარეზია. პირველ რიგში აღსანიშნავია ვეტერანი ალექსანდრე კოშკაძე, რომელიც ეროვნულ ლიგაში ჩატარებული მატჩებით ერთ-ერთი მოწინავეა. მეკარე ოთო გოშაძე, დინამოს აკადემია გამოვლილები- თორნიკე ძოწენიძე, ფირუზ მარაქველიძე და ძმები ბაშალეიშვილები.

თელავის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2019 წლის ზაფხულიდან ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი და ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი რევაზ გოცირიძე მუშაობს.

დინამო და თელავი აქამდე ამხანაგურ მატჩებში ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. 2019 წლის 20 იანვარს დიღმის ბაზაზე 1-1 დასრულებულ მატჩში (გოლები ფრან კარბიამ და ლაშა კუკუჯანაშვილმა გაიტანეს) და 15 ნოემბერს დინამო არენაზე უგოლოდ დამთავრებულ შეხვედრაში.

 

 

მსაჯი და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

დღევანდელ შეხვედრას გიორგი ყრუაშვილი წარუძღვება. მას ასისტენტობას დ. ახვლედიანი და დ. გაბისონია გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციას ა. აფციაური შეასრულებს. მატჩს დისკვალიფიკაციის გამო თელავის მცველი ანტონ თოლორდავა გამოტოვებს.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024