• Geo
  • Eng
21.02.2012
დინამო VS სიონი – მატჩის წინ

მშობლიურ კედლებს მონატრებული დინამოელები, დინამო არენას უბრუნდებიან. მაღლესი ლიგის მეცხრამეტე ტურის გადადებულ შეხვედრას დინამო თბილისი ბოლნისის სიონის წინააღმდეგ დინამო არენაზე 22 თებერვალს, 14:00 საათზე ჩაატარებს.

მიმდინარე სეზონში დასახული მიზნები:

XXIII ეროვნული ჩემპიონატის სტარტზე ფინანსების გარეშე დარჩენილი ბოლნისის სიონი, დიდი ვერაფერი შედეგისთვის რომ ვერ იბრძოლებდა, ეს დღესავით ნათელი გახლდათ. ბოლნისელების მთავარი საზრუნავი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო და არის. გათამაშების ცხრილის ფსკერზე მყოფმა სიონმა გამოკვეთილი აუტსაიდერის სახელი მალევე დაისაკუთრა. 19 ჩატარებულ შეხვედრაში 8 მოპოვებული ქულით ბოლნისელები უკანასკნელ პოზიციაზე იმყოფებიან და ჩემპიონატის მეორე ნაწილისთვის, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის განაგრძობენ ბრძოლას.

მწვრთნელი და გუნდი:

არსებობის მანძილზე ბოლნისელებმა მიმდინარე სეზონში, ჩემპიონატის პირველ ნახევარში ყველაზე უარესი შედეგი აჩვენეს. სამწვრთნელო შტაბის მუხლჩაუხრელი შრომის მიუხედავად – შედეგი არ ჩანდა. სიონს პირველი გამარჯვების მოსაპოვებლად თორმეტი სათამაშო დღე დასჭირდა, ბოლნისელებმა თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე ზუგდიდის ბაიას სძლიეს და 2011/2012 წლების სეზონში პირველი გამარჯვებაც იზეიმეს. უმაღლეს ლიგაში გამოცხადებული ზამთრის პაუზისას გუნდი ფეიქრიშვილმა, ბოლქვაძემ და კემუხტაშვილმა დატოვეს. მიუხედავად დანაკლისისა, სიონში მატებაც სერიოზულია. სიონში მთავარ მწვრთნელთან ერთად, ბევრი ახალი ფეხბურთელი მივიდა. ხვიჩა ქასრაშვილის გუნდს ერთდროულად 13 ფეხბურთელი შეუერთდა – დავით ბოლქვაძე, მინდია ბობღიაშვილი, გიორგი ჭანკოტაძე, საბა ლომია, რევაზ ქემოკლიძე, ოლეგ გველესიანი, გიორგი ხიდეშელი, ზვიად მეტრეველი, თენგიზ ჩიკვილაძე, ვაჟა ნემსაძე, ნუკრი მანჩხავა, როინ ონიანი და ვლადიმერ ჯოჯუა სიონს უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარებიან.

სუსტი და ძლიერი მხარეები:

უმაღლესი ლიგის ბინადართაგან, ყველაზე სუსტი დაცვა სწორედ ბოლნისელებს ჰყავთ. სიონმა მიმდინარე ჩემპიონატში ყველაზე მეტი – 35 გოლი გაუშვა. აქედან ხუთ შეხვედრაში გუნდმა სამბურთიანი სხვაობით ხუთჯერ წააგო. ჩემპიონატის მეორე ნახევარში სიონის უპირატესობა ყველა სათამაშო რგოლში გამოცდილი ფეხბურთელებით თანაბრად დაკომპლექტებული შემადგენლობა იქნება, რომელიც მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელთათვის დიდი თავსატეხი გახდება.

ისტორია და დღევანდელობა:

1936 წელს დაარსებული ბოლნისის სიონი, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში პირველად 1995 წელს გამოჩნდა. თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე მოასპარეზე ბოლნისელთა მიღწევები საქართველოს ჩემპიონობითა და საქართველოს თასის ფინალისტობით შემოიფარგლება. 2003 წელს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში ბოლნისელებს ჩვენს გუნთან მოუწია ჭიდილი, სადაც გამარჯვება დედაქალაქელებს ხვდათ წილად – 3:1 თბილისელთა სასარგებლოდ. იქიდან გამომდინარე, რომ ამავე წელს დინამომ ოქროს დუბლის შესრულება და ჩემპიონატის მოგებაც მოახერხა, სიონმა საქართველოს სახელით უეფას თასის გათამაშებაზე იასპარეზა. ბოლნისელები პირველი საკვალიფიკაციო ეტაპს უიმედოდ გამოეთიშნენ – მათ ორი მატჩის ჯამში პუხოვთან 0:6 წააგეს (0:3, 0:3) და სადებიუტო ევროსეზონი მწარე მოგონებად შემოინახეს. 2005/2006 წლების სეზონში ბოლნისელებმა საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ვიტ ჯორჯიასთან ოქროს მატჩი გამართეს, სადაც მათ ვეტერინარებს სძლიეს და ისტორიაში პირველი ოქროს მედლებიც მოიპოვეს. საქართველოს ჩემპიონი სიონი, უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაერთო, სადაც მათ პირველი ეტაპის გავლა მოახერხეს. ბოლნისელებმა გათამაშების მიღმა დატოვეს აზერბაიჯანული ბაქი ( სიონი 2:0 ბაქი, ბაქი 1:0 სიონი ) და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპს უსახელოდ დაემშვიდობნენ – სიონმა ბულგარულ ლევსკისთან ერთნაირი ანგარიშით 0:2 წააგო შინ და გარეთ. წლების წინ საქართველოს ჩემპიონი გუნდი, მიმდინარე სეზონში მოკრძალებული შესაძლებლობებით, პროგრამა მინიმუმად ქართული ფეხბურთის ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

მეტოქე და ჩვენ:

დინამო და ბოლნისი ეროვნულ ასპარეზზე სულ 46–ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და აშკარა უპირატესობას მტკვრისპირელები ფლობენ. თბილისელებმა 38–ჯერ დატოვეს მოედანი გამარჯვებულებმა, ითამაშეს ოთხი ფრე და მხოლოდ ოთხჯერ დამარცხდნენ. ბურთების შეფარდება 110–20 დინამოს სასარგებლოდ. მიუხედავად ასეთი უპირატესობისა ბოლო წლებში ამ გუნდების შეხვედრა დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობს. ნათამაშები ოთხი ფრიდან, სამი შეხვედრა უგოლოდ, ხოლო ერთი მატჩი ანგარიშით 1–1 დასრულდა. ბოლნისელთა გამარჯვებიდან აღსანიშნავია 2–0 მოგება თბილისში, ოცდამეერთე ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურში 2009 წელს. თბილისელებმა 37 გამარჯვებიდან დიდი ანგარიშით თორმეტი შეხვედრა დაასრულეს. ამათგან მეშვიდე ჩემპიონატის მეცამეტე ტურში 1996 წელს დინამომ ბოლნისელებს 8–0 მოუგო. 1998 წელს მეათე ჩემპიონატის მესამე ტურში თბილისელებმა ისევ რვა ბურთი გაიტანეს მეტოქის კარში, თუმცა ერთი ბურთი საკუთარ კარშიც მიიღეს.  ყველაზე დიდი სხვაობა კი  მეთორმეტე ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურში 2000 წელს დაფიქსირდა, როდესაც დინამომ სიონი ცხრა უპასუხო ბურთით დაამარცხა.

სიონის სავარაუდო შემადგენლობა:

ბობღიაშვილი, კობაური,  ქემოკლიძე, ჩიკვილაძე, ჯოჯუა, კაციტაძე, ჭანკოტაძე, ხიდეშელი, დავით ბოლქვაძე, ოლეგ გველესიანი  მეტრეველი.

შეგახსენებთ, რომ დინამოსა და სიონის დაპირისპირება დინამო არენაზე 22 თებერვალს 14:00 საათზე დაიწყება და აღნიშნული შეხვედრის ტექსტური LIVE–ს ხილვა ტრადიციულად ჩვენი ოფიციალური ვებ–გვერდის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024